რეზონანსი
23.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილის მეორეს მოსაყდრემ, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტმა მეუფე შიომ მოსაყდრედ დასახელების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„მისმა უწმინდესობამ ისეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, რომ ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. მე იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის", - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე განცხადებით, პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გვიან ღამით გაიგო.

„ეს არის განსაკუთრებული ვითარება. ჩვენს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ ასეთ ვითარებას. უახლოეს მომავალში გამოჩნდება ვალდებულებები როგორი იქნება", - დასძინა მან.

პატრიარქმა, საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი", - ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში.

ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1-ელ თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1993 წლის 5 იანვარს ბერად აღიკვეცა. 1995 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს. ხოლო 1996 წლის 6 მაისს - მღვდლად. ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 წლის 7 სექტემბერს, მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2009 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მიტროპოლიტობა ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 2 აგვისტოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×