რეზონანსი
23.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები დასახელდა.

კობახიძის თქმით, ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან. მოგეხსენებათ, უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის კანდიდატურა და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემდეგ სასესიო კვირაში არჩეული იქნება ახალი ომბუდსმენი. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა კონსულტაციების გავლა არასამთავრობო სექტორთან, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. კრიტერიუმებზე გვქონდა საუბარი, ეს არის მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში. მათ შემოგვთავაზეს ოთხი კანდიდატი: ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში. სავარაუდოდ, ხვალისთვის გაიმართება უმრავლესობის სხდომა და იქ მიიღება, ალბათ, საბოლოოდ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანდიდატი უნდა დასახელდეს ჩვენ მიერ სახალხო დამცველის პოზიციაზე", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდში გამართულ მსჯელობაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება ჩართული.

„ჩემთვის პირადად, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება, თუმცა ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. ჩვენ გვექნება გუნდში მსჯელობა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილიც იქნება ჩართული", - დასძინა კობახიძემ.

სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×