(რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან ახალ წლამდე გააძევებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „Strana" ძალოვან უწყებებში სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციას „epn" ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სააკაშვილის დეპორტაციის შესახებ უკვე მიღებულია.
"სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებისთვის მზადება სპეცოპერაციის ფორმატში მიმდინარეობს. ქართველების დეპორტაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელდა, ამ მომზადების და ოპერაციის ნაწილია. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააკაშვილის დეპორტაცია საქართველოში არ მოხდება. მას მესამე ქვეყანაში გააძევებენ. აღნიშნული მესამე ქვეყანა კი, სავარაუდოდ პოლონეთი იქნება. სწორედ პოლონეთიდან გადმოვიდა ის უკრაინაში 10 სექტემბერს", - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე წყარომ.
მისივე თქმით, ოპერაციაში მონაწილეობას ერთდროულად რამდენიმე ძალოვანი უწყება იღებს და ის უახლოეს კვირებში დასრულდება.
წყარომ განაცხადა, რომ სააკაშვილის დეპორტაციის მიზეზი შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის მიერ უკრაინული კანონმდებლობის დარღვევა გახდეს, კერძოდ კი, ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენის ვადების დარღვევა.
წყარო ასევე იმას აცხადებს, რომ სააკაშვილის გუნდისთვის უკრაინიდან ქართველების დეპორტაცია ძლიერი დარტყმა იყო.