(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის პროცესის ფარგლებში, პროკურორ ირაკლი მარშანიას განაცხადებით, გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული.
„გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული. ბრალდებულს ბრალად ედება, რომ მან ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ფეთქებად ნივთიერებებს. ამ ეტაპზე ჩვენ მოცემულ საქმეზე გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდოს ", - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორმა არ დაასახელა, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანდა დაკავებული ან დანაშაული სად იგეგმებოდა.
მისივე თქმით, ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
"მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ტარდება ექსპერტიზები. ამ ეტაპზე გარდაცვლილი პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის", - დასძინა მარშანიამ.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს მიმდინარე სპეცოპერაციის დაკავებულ პირს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა და მას 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.