(რეზონანსი) ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა. ამის შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიის გამო. დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ ნოდარის ძე აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა.
"თავდაცვის უწყება თანაგრძნობას უცხადებს და უსამძიმრებს 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას",- ნათქვამია განცხადებაში.
სასტუმრო "ლეოგრანდში" დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
"ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 10 საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქეა. დაშავაბეულთა რაოდენობა კი 21-ია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.