(რეზონანსი) თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული ვანო გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვას ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ესწრებოდნენ.
სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა.
დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მთავრობის წევრებმა მიაგეს. პრემიერ-მინისტრმა, ძალოვანი უწყების პირველმა პირებმა, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურის მინისტრებმა და თბილისის მერმა პირადად მიუსამძიმრეს გოლაშვილის ოჯახს.
21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ხოლო ოთხი დაიჭრა, მათგან, ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, დაკავებულია, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.