(რეზონანსი) სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილები ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში უკვე გადაასვენეს. პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ჩაატარებს.
ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან.
დაღუპულებს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ, რის შემდეგ დაკრძალავენ.
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპული 5 პირია დასვენებული.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, სასტუმროდან მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.