(რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა იურიდიულად უფრო სწორია.
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება იმ ფორმით დარჩეს ძალაში, როგორც ახლაა, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი მომავალში პარლამენტმა აირჩიოს.
„პარლამენტი 2024 წელს იქნება არჩეული პროპორციული წესით, ამის შემდეგ იქნება საპრეზიდენტო არაპირდაპირი არჩევნები და ახალი კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება დაიწყოს მსჯელობა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. გუშინ იყო მხოლოდ და მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცლა და ამასაც სპეკულაციები მოყვა. გავითვალისწინებთ ყველაფერს, რა თქმა უნდა. დილემა არის ასეთი, შეგვიძლია ჩვენ მოვერიდოთ სპეკულაციებს და დავტოვებთ იმ მოდელს რომელიც არის. ან ვფიქრობ, იურიდიულად უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ასე. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.