რეზონანსი
30.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემირ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბაღებში, სკოლებსა, სასტუმროებში, ასევე ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, სახანძრო სისტემების მონიტორინგი დაიწყება. ამის შესახებ პრემიერმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერი ამით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება.

"აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი ამ მიმართულებით, აღრიცხვა თუ გნებავთ, განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. ასევე, უნდა ინახოს, რამდენად უზრუნველყოფილია ადამიანების თავისუფალი მოძრაობა ასეთი ტიპის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემირმა.

მისივე თქმით, 2018 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

"თქვენ იცით, რომ მომავალი წლისთვის საგანგებო სიტუაციებისთვის და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, მათი აღჭურვაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური ვიყოთ ხოლმე ასეთ სიტუაციებში. 2015 წელს პირველად გავამკაცრეთ რეგულაციები სახანძრო უსაფრთოების მიმართულებით და 2016 წელს ასევე მივიღეთ დადგენილება ამ მიმართულებით. მე მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც გაწერილია შესაბამის ნორმატიულ აქტებში", - დასძინა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×