(რეზონასნი) "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში, სახალხო დამცველის არჩევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სწორედ ლომჯარია იქნება, ვინც "ქართულ ოცნებას" დაასამარებს".
„ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო. ჩვენ მართალი ვართ ჩვენი ხალხის და ჩვენი სინდისის წინაშე. "ქართულ ოცნებას" საშუალება ჰქონდა,- მხარი დაეჭირა გიორგი ფოფხაძისთვის, მაგრამ მხარი ნაცმოძრაობის კანდიდატურას დაუჭირეს. დღეს მორიგჯერ გამოჩნდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის სახე. მადლობას ვუხდი იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი გიორგის დაუჭირეს. აშკარაა, რომ "ოცნების" პოზიციები გაიყო. ეს ჯერ დასაწყისია. სწორედ ლომჯარია იქნება, ვინც "ქართულ ოცნებას" დაასამარებს. რას ვიზამთ, ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის არჩევანი", - წერს ინაშვილი ფეისბუქის გვერდზე.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაამტკიცა. ლომჯარიას კანდიდატურას, 96 მომხრე ჰყავდა, 5 კი წინააღმდეგი.
ლომჯარიასთან ერთად, სახალხო დამცველის კანდიდატად გიორგი ფოფხაძე იყო წარდგენილი, რომელიც "პატრიოტთა ალიანსმა" დაასახელა. ფოფხაძის მიმართებაში კი კენჭისყრის შედეგები ასეთია, 20 მხარდამჭერი 27 კი, წინააღმდეგი.
ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას 8 დეკემბრიდან შეუდგენა, მას შემდეგ, რაც მოქმედ ომბუდსმენს უფლებამოსილება ამოეწურება.