(რეზონანსი) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ბესელიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა საბოლოოა.
„ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია, არ არის მარტივი და ჩვენ ამავე დროს პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდით იმ კანონპროექტზე, რომელიც ინიცირებული აქვს ჯანდაცვის კომიტეტს და ასევე სხვა კომიტეტის წარმომადგენლებს, რომელშიც, ასევე იყო გათვალისწინებული ამ მუხლის დეკრიმინალიზაციის საკითხი, ანუ 273-ე მუხლით გათვალისწინებულია მომხმარებელთა პასუხისმგებლობის გადატანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ეს შეეხება მხოლოდ კონკრეტული ნარკოტიკის მოხმარებას, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით და საბოლოოა. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილება ასახოს კოდექსში. ჩვენ ამ ცვლილებებზე მოგვიწევს მუშაობა.
ბესელია არ გამორიცხავს, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციამ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს.
„რაც შეეხება მოლოდინს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ზრდა მომხმარებელთა რაოდენობას. ზოგადად, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა ასევე უნდა ვიფიქროთ, ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებაზე, რომ მომხმარებელთა რაოდენობა იყოს რაც შეიძლება ცოტა და ამისთვის საჭირო იქნება კომპლექსური ღონისძიებების ჩართვა, როგორიცაა საგანმანათლებლო, პრევენციული სერვისები და ა.შ. იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი. ჩვენი ხედვაც და მიდგომაც არის, რომ ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. საკონსტიტუციოში სარჩელი პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩს" ჰქონდა შეტანილი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა.