(რეზონანსი) თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედაგად, დაზარალებულ მოსახლეობას, რომელთაც საცხოვრებელი სახლები სრულიად გაუნადგურდათ, თბილისის მერია, თითოეულ მოქალაქეს, ერთჯერადი დახმარების სახით, 500 ლარს გადასცემს.
„თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე ერთჯერადი დახმარების სახით, 500 ლარი გადაეცემა.
„დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს. მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ხოლო ოთხი დაიჭრა, მათგან, ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, დაკავებულია, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.