რეზონანსი
03.12.2017

 (რეზონანსი) თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი აცხადებს, რომ თუ მიმალვაში მყოფ პირს სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს, ამ პერიოდში მისი დაკავება ვერ მოხდა, მასზე ძებნა გამოცხადდება.

მისი თქმით, დღეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის თაობაზე საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობებს შეიტანენ.

„მიმალვაში მყოფი პირის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, რომელიც კანონმდებლობით ასეა გაწერილი, მოხდება მისთვის აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნა. თუ სასამართლო შეუფარდებს მას პატიმრობას და ამ პერიოდში ვერ მოხდება მისი დაკავება, პატიმრობის შეფარდებისთანავე მასზე გამოცხადდება ძებნა. დღეს შევიტანთ შუამდგომლობებს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის მოთხოვნის თაობაზე", - განაცხადა დათუკიშვილმა.

პროკურორის თქმით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება საპირფარეშოში დაიწყო, სკოლის მანდატურებმა კი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება განმუხტეს.

„მანდატურებს რაც შეეხებათ, სკოლაში რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მანდატურების თვალწინ რაც მოხდა, ეს იყო უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც განმუხტეს მანდატურებმა. ამის შემდეგ მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია", - დასძინა დათუკიშვილმა.

1 დეკემბერს თბილისის, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო მეორე გუშინ რესბუპლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა. მეორეს დასაკავებლად კი აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

პროკურატურამ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×