(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავა.
"4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.- სთვის, ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.
რაც შეეხება მოქალაქეებს - ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები." - განაცხადა შსს–მ.
უწყებისვე ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოქალაქეებმა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებულები არიან დანაშაულის დაფარვისთვის.
1 დეკემბერს, ვერაზე, ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.