გვანცა წულაია
05.12.2017

მანდატურების სამსახურის როლი გაძლიერდება და სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რითაც 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის კონკრეტულ გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს.

"გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ აუცილებელია დანაშაულის პრევენციის მიზნით სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის კონკრეტულ გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს.

"სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ.

"უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება.

"ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ", - განაცხადა ჩხენკელმა.

უნდა გაძლიერდეს თუ არა სკოლებში მანდატურების როლი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მთავარი მანდატურების როლი არ არის. სკოლაში მთავარი მასწავლებელი და დირექტორი უნდა იყოს. სამწუხაროდ, საქმე ისე წაიყვანეს და მასწავლებლის და დირექტორის როლი ისე შეზღუდეს, რომ ავტორიტეტები აღარ არიან. მანდატურები სამხედროს მაგონებს. სკოლა დირექტორისა და მასწავლებლის ავტორიტეტზე უნდა იყოს დამოკიდებული.

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): შეიძლება, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს მთავარი მიზეზი არ არის, რის გამოც ეს საშინელებები ხდება. ეს ოჯახიდან უნდა დაიწყოს. მთავარი არის დედა და მამა. ბავშვს მანდატური ვერ გაზრდის. ქუჩაში ვის რას უზამს, ბოროტია თუ გამძვინვარებული ადამიანი, ამას მანდატური ვერანაირად ვერ აღკვეთს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მიმაჩნია, რომ მანდატურების ბრალია. პირველ რიგში, ოჯახების ბრალია. ოჯახებში ბავშვები უსიყვარულოდ, უპატრონოდ და უყურადღებოდ არ უნდა იზრდებოდნენ.

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი);  ძნელი სათქმელია. სამწუხაროდ, მგონი, მასწავლებლებიც უუფლებონი დარჩნენ. არა მგონია, მხოლოდ მანდატურებით რამეს მივაღწიოთ. ჩვენ უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი.

საერთოდ, რისთვის არის სახელმწიფო, რა ფუნქციას და იდეოლოგიას ატარებს. ესაა მთავარი პრობლემა და არა მანდატურები, პროკურორები, პოლიცია და ა.შ. ადამიანს სხვა მიზნები უნდა ჰქონდეს, სხვა არსებული საშუალება და არა მტრობა და სიძულვილი, რომელიც ახლა სუფევს და რომელმაც საშინელ შედეგამდე მიგვიყვანა.

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): მანდატურების როლი კი არა, ყველას როლი უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში შსს-საც ვგულისხმობ. ამდენი პოლიცია არის გამოსული და არც ერთი თავის პირდაპირ მოვალეობას არ ასრულებს.

სკოლებთან მაინც უნდა იყოს კურირება და უბრალოდ კი არ უნდა იდგნენ და მზეს ეფიცხებოდნენ, არამედ ყველა თავის მოვალეობას ასრულებდეს. ასეთი ტრაგედიები იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას უნდა ხელფასი, ხოლო თავისი პირდაპირი მოვალეობის პატიოსნად შესრულება - არავის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×