(რეზონანსი) 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დარტიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურა აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, დაკითხულ პირთა სტატუსები შეიცვალოს და რომელიმე მოწმე ბრალდებულიც გახდეს.
ამ სისხლიანი გარჩევის საქმეზე ერთ-ერთი ძალიან მძიმე ფაქტი ისაა, რომ როგორც შს მინისტრი აცხადებს, 150-მდე დაკითხულიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ვის შეიძლება შეეცვალოს მოწმის სტატუსი ბრალდებულით, ეს ჯერ უცნობია, თუმცა კითხვა ბევრია. მაგალითად, ისმება კითხვა, ინციდენტის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, პროკურატურის უკვე ყოფილი მაღალჩინოსნის - მირზა სუბელიანის შვილს ისევ მოწმის სტატუსი ექნება თუ მას დანაშაულის დაფარვის გამო, შესაძლოა, ბრალიც წარუდგინონ.
ასევე კითხვაა, ბრალი წაეყენება თუ არა იმ მოსწავლეს, რომელიც 2 პნევმატური იარაღით იყო. ასევე კითხვაა, გარდაცვლილებიდან რომელიმე მოსწავლე იყო თუ არა იმ 6 მოსწავლეს შორის, რომლებიც მე-8 კლასელებს ემუქრებოდნენ.
პროკურატურა არც ერთ ამ კითხვაზე პასუხს არ სცემს. საქმის პროკურორი აცხადებს, რომ რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, გამოძიება საუბრისგან თავს შეიკავებს.
გამოძიების მიხედვით, სწორედ მირზა სუბელიანის შვილსა და თანაკლასელს დაემუქრა პნევმატური იარაღით 51-ე სკოლის უფროსკლასელი, რასაც მოჰყვა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეების ჩართვა და ეს სისხლიანი გარჩევა. დასახმარებლად დეიდაშვილს სწორედ მე-8 კლასელმა სუბელიანმა დაურეკა.
პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ 1-ელ დეკემბერს დილის საათებში 51-ე სკოლის მე-8 კლასის 2 მოსწავლეს საპირფარეშოში ექვსი მე-11 კლასელი დახვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.