აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები უკვე გამოიწვია. მუსულიმების თქმით, გადაწყვეტილება "რეგიონისთვის ანთებულ ასანთს" და დიდი დაპირისპირების დასაწყისს ნიშნავს. ამის პარალელურად კი, ისრაელი აშშ-ის მადლობას უხდის და საქართველოს მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას სთხოვს.
"დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ ახლო აღმოსავლეთში, სადაც სიტუაცია ისედაც არასტაბილურია, შეიძლება დამატებითი მადესტაბილიზირებელი როლი შეასრულოს," - ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ დიდი ომის საფრთხე რიგი ფაქტორების გამო გამორიცხულია, თუმცა ისრაელისა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობა სერიოზულად გადაიხედება.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო და აღიარებს თუ არა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას.
"საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უნდა აღიაროს თუ არა საქართველომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): ძალიან რთული საკითხია, ნამდვილად არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ დააყენა ეს საკითხი, საქართველო არ არის ვალდებული, ის განიხილოს. ჩვენ არავისთან არ უნდა გავიფუჭოთ ურთიერთობა.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველო არის სუბიექტი საერთაშორისო სამართალში. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, არ არის სუბიექტი. ჩვენ ამ საკითხში არც ვერევით და არც უნდა ჩავერიოთ, რადგან ეს დიდი შეცდომაა, რომელიც ტრამპმა დაუშვა, მაგრამ ამერიკა ამას გადაიტანს. თუ ჩვენ ჩავერევით, ნამდვილად არ აღმოვჩნდებით კარგ მდგომარეობაში.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):ეს არის ძალიან სახიფათო თემა, რომელსაც შეიძლება სერიოზული პროცესები მოჰყვეს. ასეთი მარტივი სათქმელი არ არის. ვფიქრობ, საქართველო უნდა დაელოდოს მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით და იმოქმედოს ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს.
სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი):თუ გავითვალისწინებთ იმ ურთულეს ვითარებას, რომელიც საქართველოს გარშემოა, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ჯერჯერობით არ უნდა გადადგას. ჩვენ არ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც შეუძლია, ასეთი საკითხები დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების უმრავლესობის პოზიცია უარყოფითია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე