(რეზონანსი) საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავარ პროკურატურას მიმართა.
პარტიის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულების და შესაძლო კორუფციის ფაქტის შესწავლას სთხოვს.
"კალაძის განცხადებას, რომ მან ფაქტობრივად გადააბრალა დავით ნარმანიას და თქვა, რომ თურმე ნარმანიამ მოიძია მილანური კომპანია, უხერხულია. კალაძე პირად კონტაქტებს აბრალებდეს ნარმანიას, მაშინ, როდესაც შესაძლოა, საერთოდ რუკაზე ვერ იპოვოს მილანი დავით ნარმანიამ. ამიტომ, გამოძიებამ გასცეს პასუხი, როგორ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა, როგორ დაემთხვა, რომ ეს კომპანია არის მილანური და როგორ ხდება, რომ სამჯერ მეტ თანხას ვხარჯავთ, ვიდრე ოდესმე დახარჯულა.
„ამ საქმეს გამოიძიებს თუ არა პროკურატურა, ნაკლებ მნიშვნელოვანია. ეს საქმეები იდება თაროზე, მოვა ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად გადახედავს ყველა იმ საქმეს, რომელზეც მასალები გვაქვს შემოტანილი და აუცილებლად ვისაც წაუცდა ბიუჯეტზე ხელი, ყველა ბიუჯეტის წურბელა კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს," - განაცხადა „რუსთავი 2"- თან ხაბეიშვილმა.