ნინო ქეთელაური
08.12.2017

 ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი საქართველოში ეუთის მისიის აღდგენის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ვენაში მიმდინარე ეუთოს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომის გახსნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო კარგად აცნობიერებს ადგილებზე ეუთოს საველე სამუშაოების მნიშვნელობას და მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოში, ბოლო წლებში, დახურული მისიის აღდგენისკენ მოუწოდა. 

როგორც წერეთელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მთავრობებმა ეუთოს მექანიზმები სულ უფრო მეტად გამოიყენონ, რადგან ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეუთოს მისიის აღდგენა საქართველოსთვის კარგი იქნებოდა, თუმცა იდეის რეალიზებაში ეჭვი ეპარება.

"ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ინიციატივადვე დარჩება. იმიტომ, რომ ეუთოს მისის გაუქმდა 2008 წლის ომის შემდეგ. სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობა" რომ კარგად მოქცეულიყო, ეს არ მოხდებოდა. შესაბამისად, ეუთოს მისიის დაბრუნება ახლა ძალიან რთული იქნება, რადგან ამ იდეის რეალიზებას რუსეთი ყველანაირ წინააღმდეგობას გაუწევს", - ამბობს მამუკა არეშიძე.

თუ პოლიტიკური ნება იარსებებს და ეუთოს მისიის აღდგენა მოხდა, არეშიძე ამბობს, რომ ეს პირველ რიგში კონფლიქტისპირა რეგიონების მოსახლეობისთვის იქნება კარგი მოვლენა.

"ამ მისიის განსაკუთრებული ხიბლი მდგომარეობდა იმაში, რომ ორივე მხარის  მონიტორინგს ატარებდა. მოსახლეობისთვის კი ეს მშვიდად ცხოვრების პერსპექტივაა", - ამბობს მამუკა არეშიძე.

აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის რეგიონებში რეალურად მდგომარეობის გართულება დაიწყო მას შემდეგ, რაც ეუთოს მისია გაუქმდა.

"ეუთოს დამკვირვებლები ყოველთვის უფრო მაღალი სტატუსით სარგებლობენ და მათ სიტყვას მეტი ფასი აქვს. შესაბამისად, თუ მათი მისიის აღდგენა მოხერხდა, ის რაც ამ გამყოფ ხაზთან ხდება, პირდაპირ წავიდოდა იქ, სადაც საჭიროა. ამით კი, რუსეთზე ზემოქმდება უფრო თვალსაჩინო გახდებოდა. თუ გადავხედავთ წარსულს, მართალია, ამ დამკვირვებლების მუშაობით დიდად კმაყოფილები არ ვიყავით, მაგრამ იმას მაინც ვაღწევდით, რომ ვითარება არ რთულდებოდა. მათი სადამკვირევებლო საქმიანობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა და მუხრუჭის მექანიზმი ჰქონდა იმ მოვლენებს, რაც ახლა ე.წ საზღვართან ხდება. საერთოდაც, როდესაც ხუთპუნქტიაინი შეთანხმების შემდეგ ეუთო წავიდა აქედან, მას შემდეგ გაფუჭდა ყველაფერი", - აცხადებს ლევან კიკნაძე.

თუმცა აღნიშნავს, რომ კონფლიქტის რეგიონებში მათი მუშაობის ფორმატი მხოლოდ სადამკვირვებლოა და იმის მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს, რომ ამით დანაშაულებების პრევენცია მოხდება.

"ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენად ეფეტურად შეძლებენ ისინი მუშაობას. მათ მხოლოდ იმის მანდატი აქვთ, რომ დააფიქსირონ რა ხდება კონფლიქტის რეგიონებში, რაც ბევრს ვერაფერს მოიტანს. თუმცა, მათი შეფასება ბევრად წონიანია და რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ საერთაშირისო ტრიბუნიდან, მათი ხმაც დაემატებოდა. თორემ, მათ რეალური ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნიათ და არც ექნებათ. 

"ეს არის სუფთა სადამკვირვებლო მისია და არა პრევენცია დარვევებზე. შესაძლოა რუსმა ოკუპანტება ეუთოს მისიას გარკვეულწილად ანგარიშიც გაუწიონ, მაგრამ რეალურად ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათთვის ეს სადამკვირვებლო მისია არ წამოადგენს შემაკავებელ ძალას. აი, ინფორმაციული თვალსაზრისით კი კონფლიქტის რეგიონებში არსებულ ვითარებას ეუთოც თუ დააფიქსირებს, ჩვენთვის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - ამბობს ლევან კიკნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×