გვანცა ღვედაშვილი
08.12.2017

 თბილისის სკოლაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრდა. გარდა იმისა, რომ სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, მანდატურებმა მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეების შემოწმება დაიწყეს - გუშინ მათ სკოლაში შესვლამდე ჩანთებს უმოწმებდნენ.

განათლებისა მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ცნობით, ეს შემოწმება წინასაახალწყოდ სკოლებში მოსწავლეების მიერ პიროტექნიკი შეტანას უკავშირდება და არა 1-ლ დეკემბერს მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს, რომელსაც ორი მოსწავლე შეეწირა.

“ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლებში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა”, -განაცხადა განათლების მინისტრმა.

რაც შეეხება გუშინდელი შემოწმების შედეგს – კონკრეტულად რა აკრძალული ნივთები იპოვეს მანდატურებმა სასკოლო ჩანთებში და იყო თუ არა მათ შორის იარაღი, ამაზე არანაირი მონაცემები არ ვრცელდება. არსებობს მხოლოდ ერთი დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში ერთ უფროსკლასელს ჩანთაში ელექტროშოკერი უპოვეს.

 მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი შორენა ზედგინიძე “რეზონანსთან” საუბრისასა ამბობს, რომ მსგავის ტიპის შემოწმებები მუდმივად ხორციელდებოდა და ეს დღეს არ დაწყებულა.

“მოსწავლეების პირადი გასინჯვა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. თუკი მანდატურს გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ან სკოლაში კონფლიქტური სიტუაცია დგება. ამასთან, ასეთი გასინჯვის დროს აუცილებლად ესწრება სკოლის დირექციის წარმომადგენელის. მის გარეშე მანდატურს სკოლის მოსწავლის გასინჯვის უფლება არ აქვს”, - განაცახადა ზედგინიძემ და აღნიშნა, რომ სკოლებში აკრძალული ნივთების აღმოჩენის შემთევვაში მანდატური აფიქსირებს გადაცდომის ფაქტს.

“ამის შესახებ იგი ატყობინებს სკოლის დირექციას და სწორედ მან უნდა მახდინოს შესაბამისი რეაგირება. იმ შემთხვევაში, თუკი ამის აუცილებლობა დგება, მანდატურს აქვს იმის ვალდებულებაც, რომ ადგილზე სამართალდამცვი ორგანოებიც გამოიძახოს”, - აღნიშნა მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა.

მისივე თქმით, იგი არ ფლობს ინფორმაციას დღეს სკოლებში შემოწმების შედეგად სხვა რა ტიპის აკრძალული ნივთები იქნა ამოღებული. თუმცა, აღნიშნავს, რომ არსებობს, სია თუ რა ტიპის აკრძალული ნივთების ამოღება ხდება სკოლის მოსწავლეებისგან და დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.

სკოლებში უსაფრთხოების საკითხის გააქტიურება, 1-ლ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას უკავშირდება, რომლის შედეგადაც 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ მანდატურის სამსახურის მეტი ეფექტურობისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის განათლების სამინისტრო, გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო.

სწორედ აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამაც, რომ მანდატურის სამსახური უფრო ეფექტური უნდა გახდეს, “ხოლო მანამდე, ვიდრე ეს მოხდება, უსაფრთხოების ზომების დასაცავად სკოლებთან საპატრულო პოლიცია იქნება მობილიზებული”.

შს მინისტრის თქმით, “სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა მოხდა”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×