გვანცა წულაია
09.12.2017

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია სამი მოსმენით მიღებული და დამტკიცებულია, პრეზიდენტის არჩევის წესის საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები გაიმართება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

მდინარაძის განცხადებით, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის ჩასწორების საკითხზე მსჯელობა მიდის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

დეპუტატის აზრით, სამართლებრივად სწორი და მართებული არაა, პოლიტიკური თანამდებობის პირი პოლიტიკოსებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ადმინისტრაციული არჩევნების შედეგად მიღებულმა თანამდებობის პირებმა ერთად აირჩიონ.

"ამ თემაზე მიდის კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სესიაზე საერთო, გუნდის შიგნით საბოლოოდ შეჯერებული პოზიციით გამოვალთ.

"პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევის საკითხი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში კომპრომისის, კონსენსუსის შედეგად ჩაიწერა. ამასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის აზრი, მაგრამ მსოფლიოში ამის პრეცედენტები ნაკლებად არსებობს. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ საარჩევნო კოლეგიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ, მაშინ არ იყო გადაწყვეტილი, შემდგომი 2018 წლის საპრეზიდეტო არჩევნები პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით ჩატარდებოდა. ამიტომ ლეგიტიმაციის გასაზრდელად კოლეგიური ორგანოს შემოღების წინადადებას დავთანხმდით.

"ახლა, როცა პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით 2024 წლისთვის ვირჩევთ და პრეზიდენტი 2024 წლის მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს, გადავწყვიტეთ, აღნიშნულ საკითხზე გუნდის შიგნით ვიმსჯელოთ. სასესიო კვირას პარლამენტის წინაშე საბოლოო გადაწყვეტილებით წარვდგებით", - ამბობს მდინარაძე.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს.

რამდენად მისაღებია, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარადაა მიღებული. მთვარია, ყველაფერი კარგად და წესიერად წარიმართოს და არჩევის წესს მნიშვნელობა არ აქვს."

 

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): "ჩემი აზრით, ქვეყნის პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს, მაგრამ ეს უცხო არ არის დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკისთვის და შესაძლებელია, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩემი პირადი მოსაზრება კი ასეთია, რომ პრეზიდენტი საერთო სახალხო რეფერენდუმით იქნეს არჩეული."

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "საერთოდ, ჯობია, რომ პრეზიდენტის არჩევა საყოველთაო კენჭისყრით მოხდეს, მაგრამ თუ ის უფლებები ექნება პრეზიდენტს, რაც ახლა აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ აირჩევს. ამჟამად პრეზიდენტს ჩვენს ქვეყანაში ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუ მისი უფლებები ცოტათი გაფართოვდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჯობია, საყოველთაო არჩევნებით იქნეს არჩეული, ხოლო თუ ისე დარჩება, როგორც ახლაა, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს."

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "ძალიან მომწონდა და დღესაც მომეწონებოდა, რომ პრეზიდენტს ხალხი ირჩევდეს. გინდა ხმოსანი დაარქვი, გინდა პარლამენტარების გარკვეული ჯგუფი, ეს ნამდვილი სურათის ასახვა არ არის. მე მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე დამოკიდებული რატომ უნდა ვიყო?! ამიტომ ჩემთვის კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტის ღია, ანუ სახალხო არჩევნები დაეტოვებინათ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×