თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულად უკვე მეორე პირი ცნო და შინაგან საქმეთა სამინისტროს მის სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. იურისტ ლია მუხაშავრიას განცხადებით, აღნიშნულ აქციაზე ასობით მოქალაქეს მიადგა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზიანი. ასეთი პრეცედენტები კი შესაძლებელს ხდის, რომ თითოეულმა დაზარალებულმა საკუთარი უფლება აღიდგინოს.
სასამართლოს მიერ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად მოქალაქის დაზარალებულად მიჩნევის პირველი პრეცედენტი 2017 წლის 12 ოქტომბერს მოხდა, როდესაც საქალაქო სასამართლომ მოქალაქის სასარგებლოდ შსს-ს მორალური ზიანის ანაზღურება 30 000 ლარის ოდენობით დააკისრა.
სასამართლოში ამ პირის ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავდა და როგორც ორგანიზაცია აცხადებს, 2011 წლის 26 მაისს შსს-ს სპეცრაზმების მიერ თბილისში საპროტესტო მიტინგის დაშლისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის გამო მთავარმა პროკურორმა აღნიშნული პირი დაზარალებულად 2013 წლის 22 ივლისს გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელით, მოქალაქე მორალური ზიანის ანაზღაურებას შსს-სგან 30 000 ლარის ოდენობით ითხოვდა, სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შსს-ს მხოლოდ 5 000 ლარის გადახდა დააკისრა, რასაც დაზარალებული სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც "რეზონანსთან" იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, აღნიშნული პრეცედენტი იმის ნიშანია, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ზიანი მიადგა, მიმართოს სასამართლოს და საკუთარი უფლებების აღდგენა მოითხოვოს.
"საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციაზე მართლაც დაზარალდნენ ადამიანები. რადგან ისინი პოლიციის მხრიდან სრულიად უკანონო ფიზიკური შეურაცხყოფისა თუ ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლნი გახდნენ, ამიტომ კარგია, თუ ასეთი პრეცედენტები შეიქმნა.
"რამდენადაც მე ვიცი, ასობით ადამიანი იყო დაზარალებული. მათ შორის არა მარტო "სახალხო კრების" წევრები, არამედ რიგითი გამვლელი მოქალაქეები და გულშემატკივრები. ამიტომ ყველა მათგანის უფლება უნდა აღდგეს, დამნაშავე დაისაჯოს და დაეკისროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
"ეს განაჩენი არის იმის ნიშანი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ზიანი მიადგა, მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. გარდა ამისა, თუ გამოიკვეთება, რომ ვინმემ ამ პირების მიმართ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ისინიც კანონის შესაბამისად დაისაჯონ", - განაცხადა მუხაშავრიამ და აღნიშნა, რომ მოქალაქის დაზარალებულად გამოცხადება, შესაძლოა, სასწრაფოს ჩანაწერების, საავადმყოფოსა თუ კერძო ექიმთან მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მტკიცებულებად გამოყენების შედეგად მოხდეს.
"ძირითადად ეს არის სასწრაფოს ჩანაწერები. სასწრაფოს გამოძახების დროს აღიწერება, თუ რა დაზიანებები ჰქონდა ადამიანს. ძალიან ბევრი ამ აქციის დარბევის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა ან კერძო ექიმთან გაიარა მკურნალობა. ამიტომ ყველა ეს სამედიცინო ჩანაწერი იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ადამიანს ზიანი მიადგა.
"ფსიქოლოგიური ტრავმის შემთხვევაში კი ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის ჩანაწერი ან არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც ამ ადამიანს კონსულტაცია და ფიქოლოგიური დახმარება გაუწიეს. თითოეული ასეთი ჩანაწერი გამოდგება მტკიცებულებად, რათა ეს ადამიანები დაზარალებულებად ცნონ", - განაცხადა მუხაშავრიამ.