ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი საქართველოში ეუთის მისიის აღდგენის ინიციატივით გამოდის. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ამ თემაზე, დიდი ხანია, მუშაობენ და თუკი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში წერეთელმა საკითხი კვლავ დაძრა, ეს მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ მისიის აღდგენას ეუთოს მუდმივმოქმედი კომისიის სრული კონსენსუსი სჭირდება, სადაც რუსეთიც შედის და ის ამ საკითხის წინააღმდეგია. კრემლში კი აცხადებენ, რომ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას იმ შემთხვევაში დაეთანხმებიან, თუ ის კონფლიქტურ რეგიონებს არ შეეხება.
ცნობისათვის, წერეთელმა ამის შესახებ ვენაში მიმდინარე ეუთოს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომის გახსნაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ამავე ღონისძიების ფარგლებში მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტ სერგეი ლავროვთან გამართა შეხვედრა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც იყო საუბარი.
მისი თქმით, საქართველო კარგად აცნობიერებს ადგილებზე ეუთოს საველე სამუშაოების მნიშვნელობას და მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოში ბოლო წლებში დახურული მისიის აღდგენისკენ მოუწოდა. როგორც წერეთელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მთავრობებმა ეუთოს მექანიზმები სულ უფრო მეტად გამოიყენონ, რადგან ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
გიგი წერეთელი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, თუმცა მხარეებს მოლაპარაკების დეტალებზე კომენტარი არ გამოუთქვამთ.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს არ არის გიგი წერეთლის ინიციატივა და ამ საკითხზე მმართველი გუნდი, დიდი ხანია, მუშაობს.
"უკვე დიდი ხანია, რაც ამაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს საკითხი არაერთხელ დაისვა. გადაწყვეტილება ეუთოს მუდმივმოქმედმა კომისიამ სრული კონსენსუსის პირობებში უნდა მიიღოს, თუმცა იქ არის რუსეთის წარმომადგენელი, რომელიც ამას არ ეთანხმება.
"ჩვენ ნებისმიერ დელეგაციასთან შეხვედრისას ამ საკითხს ვსვამთ. საუბარია როგორც სამეთვალყურეო, ისე ეუთოს მისიის საქართველოში აღდგენაზე. ეუთოს მისია 2008 წლის ომის შემდეგ, დეკემბერში გაუქმდა და გიგი წერეთლის გუნდის ხელისუფლებაში ყოფნისას არაფერი გაკეთებულა, რომ თბილისში მაინც შეენარჩუნებინათ მისი წარმომადგენლობა. ასე რომ, ეს საკითხი, დიდი ხანია, დღის წესრიგში დგას და შესაბამისი მუშაობაც მიმდინარეობს", - ამბობს გია ვოლსკი.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის საკითხი დადგეს - გია ვოლსკი ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა ეუთოს მუდმივმოქმედი კომისიის სრული კონსენსუსი, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება და ამ ეტაპზე მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია.
"ამისთვის უშველებელი პროცედურაა ჩასატარებელი და კონსულტაციები მიმდინარეობს საერთაშორისო დელეგაციებთან, განსაკუთრებით ეუთოს-თან. თუმცა საკითხის დასმასა და გადაწყვეტას სჭირდება ეუთოს მუდმივმოქმედ კომისიაში სრული კონსენსუსი, რისი წინააღმდეგიც არის რუსეთი. მასთან კი ამ ეტაპზე მოლაპარაკება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ თუკი ეს საკითხი გიგი წერეთელმა კვლავ დაძრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, მივესალმები. ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდება", - აცხადებს გია ვოლსკი.
პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია, რომელიც თავად ესწრებოდა ეუთოს ბოლო სამიტს, "რეზონანსთან" ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებაზე საუბრობს.
"ამ შეხვედრაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ეწინააღმდეგება თუ არა რუსეთი საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას, სერგეი ლავროვმა პირდაპირ უპასუხა, რომ ის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გამოკლებით. ამიტომ არ მგონია, ჩვენ შორის სიტუაცია ისე დათბეს, რომ პოზიცია შეიცვალონ.
"როგორც იცით, ჩვენთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს, რომელიც ბოლომდე ვერ ფარავს კონფლიქტური რეგიონების ტერიტორიას, მაგრამ მისი მანდატიც სწორედ ამას ითვალისწინებს. ამიტომ თუ ეუთოს მისიის აღდგენა არ გამოვიდა, მე ვფიქრობ, დიდი ტრაგედია არ იქნება. მაგრამ საჭიროა, ქართულმა დიპლომატიამ მთელი ძალისხმევა მიმართოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე, რათა ბოლომდე შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა და დაფარონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია", - ამბობს კაკაჩია.
კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეუთოს მისიის აღდგენა საქართველოსთვის კარგი იქნებოდა, თუმცა იდეის რეალიზებაში ეჭვი ეპარება.
"ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, ინიციატივადვე დარჩება იმიტომ, რომ ეუთოს მისია გაუქმდა 2008 წლის ომის შემდეგ. სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობა" რომ კარგად მოქცეულიყო, ეს არ მოხდებოდა. შესაბამისად, ეუთოს მისიის დაბრუნება ახლა ძალიან რთული იქნება, რადგან ამ იდეის რეალიზებას რუსეთი ყველანაირ წინააღმდეგობას გაუწევს", - ამბობს მამუკა არეშიძე.
როგორც არეშიძე ამბობს, თუ პოლიტიკური ნება იქნება და ეუთოს მისიის აღდგენა მოხდა, ეს, პირველ რიგში, კონფლიქტისპირა რეგიონების მოსახლეობისთვისაა კარგი.
"ამ მისიის განსაკუთრებული ხიბლი მდგომარეობდა იმაში, რომ ორივე მხარის მონიტორინგს ატარებდა. მოსახლეობისთვის კი ეს მშვიდად ცხოვრების პერსპექტივაა", - ამბობს მამუკა არეშიძე.
აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის რეგიონებში რეალურად მდგომარეობის გართულება დაიწყო მას შემდეგ, რაც ეუთოს მისია გაუქმდა.
"ეუთოს დამკვირვებლები ყოველთვის უფრო მაღალი სტატუსით სარგებლობენ და მათ სიტყვას მეტი ფასი აქვს. შესაბამისად, თუ მათი მისიის აღდგენა მოხერხდა, ის, რაც ამ გამყოფ ხაზთან ხდება, პირდაპირ წავიდოდა იქ, სადაც საჭიროა. ამით კი რუსეთზე ზემოქმდება უფრო თვალსაჩინო გახდებოდა.
"თუ გადავხედავთ წარსულს, მართალია, ამ დამკვირვებლების მუშაობით დიდად კმაყოფილები არ ვიყავით, მაგრამ იმას მაინც ვაღწევდით, რომ ვითარება არ რთულდებოდა. მათი სადამკვირვებლო საქმიანობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა და მუხრუჭის მექანიზმი ჰქონდა იმ მოვლენებს, რაც ახლა ე.წ საზღვართან ხდება. საერთოდაც, როდესაც ხუთპუნქტიანი შეთანხმების შემდეგ ეუთო წავიდა აქედან, მას მერე გაფუჭდა ყველაფერი", - აცხადებს ლევან კიკნაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ კონფლიქტის რეგიონებში მათი მუშაობის ფორმატი მხოლოდ სადამკვირვებლოა და იმის მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს, რომ ამით დანაშაულის პრევენცია მოხდება.
"ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენად ეფექტურად შეძლებენ მუშაობას. მათ მხოლოდ იმის მანდატი აქვთ, რომ დააკვირდნენ, რა ხდება კონფლიქტის რეგიონებში, რაც ბევრს ვერაფერს მოიტანს. თუმცა მათი შეფასება ბევრად წონიანია და რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ საერთაშორისო ტრიბუნიდან, მათი ხმაც დაემატებოდა, თორემ მათ რეალური ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნიათ და არც ექნებათ.
"ეს არის სუფთა სადამკვირვებლო მისია და არა პრევენცია დარღვევებზე. შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ეუთოს მისიას გარკვეულწილად ანგარიშიც გაუწიონ, მაგრამ რეალურად ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათთვის ეს სადამკვირვებლო მისია არაა შემაკავებელი ძალა. აი, ინფორმაციული თვალსაზრისით კი კონფლიქტის რეგიონებში არსებულ ვითარებას ეუთოც თუ გაახმოვანებს, ჩვენთვის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - ამბობს ლევან კიკნაძე.