თიკო ოსმანოვა
09.12.2017

 რუსეთის მოსახლეობაში საქართველოსადმი ნდობა ბოლო 8 წლის განმავლობაში 3-დან 10%-მდე გაიზარდა. ასეთი შედეგენი აჩვენა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტად ბელორუსს ენდობიან, ყველაზე ნაკლებად კი - უკრაინას.

კვლევა ნოებრის შუა რიცხვებში ჩატარდა მასში 1200 ადამიანი მონაწილეობდა. შედეგების თანახმად, რუსეთის მოსახლეობის ნდობის რეიტინგში საქართველო მეხუთე ადგილზეა (10%). პირველ ადგილს ბელარუსი იკავებს (60%), მეორეზე ყაზახეთია (41%), მესამე ადგილზე სომხეთი (16%), ხოლო საქართველოს წინ, მეოთხე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა (14%).

რუსები საქართველოზე ნაკლებად ენდობიან უზბეკეთს (7%), თურქმენეთს (7%), ყირგიზეთს (5%), ტაჯიკეთს (3%) და უკრაინას (1%).

რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტების ნდობის საკითხს, ამავე კვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის გამოკითხულთა დიდი ნაწილი 62% ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ენდობა. მეორე ადგილზე 56%-ით გადის ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. აზერბაიჯანის პრეზიდენტს გამოკითხული 12% ენდობა. მას ერთი პროცენტით ჩამორჩება სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი. გამოკითხული რუსების 8%-ის ნდობით სარგებლობს მოლდოვას ახლდად არჩეული პრეზიდენტი იგორ დოდონი. საქართველოს პრეზდენტი გიორგი მარგველაშვილს კი გამოკითხულთა მხოლოდ 4% ენდობა. ამ კვლევვით ბოლო ადგილზე უკრაინის პირველი პირი პეტრო პოროშენკოა 1%-ით.

რუსეთის მოსახლეობაში საქართველოსადმი ნდობის ზრდის ტენდენციას ქართველი პოლიტოლოგები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ეს განპირობებულია პირველ რიგში იმით, რომ საქართველო რუსეთის ინტერესს ამ ეტაპზე აღარ წარმოადგენს.

"ამ ბოლო დროს რუსულ მედიაში საგრძნობლად შემცირებულია საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიები. უფრო მეტიც, ქართულ თემაზე ოდნავ სითბონარევ სტატიებსაც კი წაიკითხვათ. ეს კი განპირობებულია ბევრი რამით, პირველ რიგში იმით, რომ რუსეთის ინეტერეს საქართველო ნაკლებად წარმოადგენს. თითქმის ყველა პოლიტიკურ გამოცემა დარტყმას პოროშენკოზე აკეთებს.

მეორეს მხრივ, რუსული მედიის მთავარი სამიზნეები არიან ამერიკა და ევროპა. ქართული მხარე არ ფიგურირებს, რომ საქართველო ამათი პარტნიორია და არც ისე, რომ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. საერთოდ ამოღებულები ვართ აქცენტებიდან.

ასე რომ, რუსულ პრესაში საქართველოსადმი უარყოფითი სტატიები შემცირდა, რაც მეტ-ნაკლებად მოსახლეობის ნდობაზეც აისახა, თორემ საქართველოს გაუმარჯოსოს არავინ ამბობს", - უთხრა "რეზონანს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით კი, საქართველოს სიყვარული რუს მოსახლეობას ოდითგნავე მოსდევს. თუმცა, მისივე თქმით, მოსახლეობის ნდობა კრემლის პოლტიკაზე გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, მისი აზრით, ამის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლი იქნება.

"ამასთან დაკავშირებით ბევრი ფაქტორის გამოყოფა შეიძლება. ერთი ის, რომ სააკაშვილის წასვლის შემდეგ საქართველოსადმი რუსი მოსახლეობის ნდობა ნელ-ნელა, უმნიშვნელოდ იზრდება.

შემდეგი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ბელორუსისა და ყაზახეთისადმი, ობიექტური მიზეზების გამო, რუსი მოსახლეობის ნდობა მცირდება. ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს უკრაინასთანაც და ევროპასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და ყველა ხიდი არ დაწვას ევროპაში მისასვლელი. თანაც მაქსიმალურად ისარგებლოს იმ პრივილეგიებით და შეღავათებით, რასაც ბელორუსი რუსეთიდან ღებულობს ჯერ კიდევ ელცინის დროიდან.

"ამასთან, საქართველოსადმი სიყვარული რუს მოსახლეობას ისტორიულად აქვს. რუსი მწრელებისათვის დასასვენებელი, დროის სატარებელი ოაზისი იყო საქართველო. მაგრამ მთავარია რუსეთის პოლიტიკა როგორ შეიცვლება. შეიძლება ხალხი გვენდობოდეს, მაგრამ კრემლი არა. რუსეთის სისტემა და ანატომია გამორიცხავს იმას, რომ ხალხის განწყობა აისახოს სახელმწიფოს პოლიტიკაზე.

`ამასთან, საქართველოში მოსახლეობის ნაწილი სულ უფრო და უფრო ხმა მაღლა ფიქრობს და აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაა საჭირო, რაც, ბუნებრივია, რუს მოსახლეობაში ნდობას აღძრავს. მაგრამ ეს არ აისახება კრემლის პოლიტიკაზე. ამიტომ ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. გავა დრო და ნდობა 15%-მდე გაიზრდება, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ეს კრემლის პოლიტიკაზე არ აისახება", - გვითხრა ცინცაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×