(რეზონანსი) პოროშენკოს უნდა გავაგებინოთ, რომ პოლიტიკა არ არის ბიზნესი, ხალხი კი გასაყიდი საქონელი, - ამ სიტყვებით, სანდრა რულოვსმა კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ გამართულ აქციაზე ხალხს მიმართა.
„ბიზნესი შეიძლება, აკეთო ისე, როგორც შეჯიბრი კონკურენტებთან, პოლიტიკაში კი ეს არ შეიძლება. პოლიტიკაში უნდა აჩვენო, ვინ უფრო ზრუნავს ხალხზე, ვინ მისცემს პირობას, უკეთ იზრუნოს ხალხზე. ეს სულ სხვანაირი შეჯიბრია. უნდა აჩვენო, რომ გიყვარს უკრაინა, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვინახავს ბოლო 4 წელია. ამიტომ არის საჭირო ცვლილებები», განაცხადა რულოვსმა.
მისი თქმით, უკრაინელებმა უნდა განაგრძონ ბრძოლა, რათა უკეთესი ქვეყანა მიიღონ.
„თქვენ უნდა განაგრძოთ ბრძოლა. უკრაინას სჭირდება ცვლილებები, რათა უკეთესი ქვეყანა გახდეს. ამის მაგალითი საქართველოა. ჩვენთვისაც რთული იყო ეს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი მივიღეთ. მთავარია ცვლილებების სურვილი იყოს. ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, მათ ცვლილებების სურვილი არ გააჩნიათ. მათთვის ეს ბიზნესია, ხოლო პოლიტიკა კი ბიზნესი არ არის. ამ ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა. ადექი, კიევო! ადექი, უკრაინავ!" - განაცხადა რულოვსმა.
მისივე განცხადებით, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
"ეს არის პროტესტი მიშას დაკავების წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რადგან რაც მოხდა, არის უსამართლობა, არის სირცხვილი. რა ბრალსაც უყენებენ, არის სისულელე, მართლა სასაცილოდ არ გვყოფნის. ჩვენ ვაპროტესტებთ და ე.წ. სასამართლოს მოლოდინში ვართ, რომ გავიგოთ, რას უპირებენ. ალბათ გაუშვებენ, რადგან ყველასთვის ნათელია, უკრაინაშიც და უკრაინის ფარგლებს გარეთაც, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და მიშა არის პოლიტიკური პატიმარი", - დასძინა რულოვსმა.