(რეზონანსი) ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა აცხადებენ, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები გაყალბდა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანაშიამ განაცხადა, გუშინდელ არჩევნებში უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, რაც ადასტურებს, რომ ეს არჩევნები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
"ამ გაყალბების ფაქტების შესაბამისი ვიდეო მტკიცებულებები არსებობს. აქედან გამომდინარე, არჩევნების ნამდვილობა თავიდან ბოლომდე დგას ეჭვქვეშ და ეს არჩევნები არ არის ნამდვილი. შესაბამისად ჩვენ ვითხოვთ არჩევნების ბათილად ცნობას. თითოეული ფაქტი ცალკე აღებული არჩევნების შედეგის ბათილობისთვის სრულიად საკმარისია", - განაცხადა ჯანაშიამ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები გუშინ ჩატარდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, დაინიშნოს მეორე ტური.
პეტრიაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი მეორე ტური დაინიშნება, მასში მონაწილეობას, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.
არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. მის შემდეგ ხმების რაოდენობით ლევან ჯანაშია მოდის.
უფრო კონკრეტულად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა ასეთია: ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.