თიკო ოსმანოვა
11.12.2017

 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმის დასაშვებობის განხილვა დაიწყო. თუმცა წინ კიდევ არსებითი განხილვის პროცედურებია, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, შეილახა თუ არა ქართულ სასამართლოებში ტელეკომპანიის უფლებები, რისი დადასტურების შემთხვევაშიც, შესაძლოა, ეს საქმის ხელახალი განხილვის საფუძველიც გახდეს.

სანამ გადაწყდება "რუსთავი 2"-ის საქმის დასაშვებობა, მანამდე საქართველოს ხელისუფლებას ევროპის სასამართლოსთვის მოუწევს მთელ რიგ კითხვებზე პასუხის გაცემა, რისთვისაც იუსტიციის სამინისტროს 3-თვიანი ვადა აქვს. უფრო კონკრეტულად კი, სტრასბურგის სასამართლო დაინტერესდა: ტელეკომპანიის მიმართ ყადაღის დადების აუცილებლობა რამდენად იყო; ამან ხელი ხომ არ შეუშალა სიტყვის თავისუფლებას და შეძლო თუ არა ამ პირობებში ტელეკომპანიამ მაუწყებლობის განხორციელება. ასევე, ევროპის სასამართლო დაინტერესდა, სამივე ინსტანციის მოსამართლეები საქმის განხილვის დროს იყვნენ თუ არა მიუკერძოებლები.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო ამ კითხვებზე პასუხს გასცემს, დამატებით განმარტებებს მისცემს მომჩივანი მხარე, რისთვისაც რამდენიმე კვირა მიეცემათ. ყოველივე ამის შემდეგ კი გადაწყდება, განიხილავას თუ არა ევროპის სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს, შეილახა თუ არა ქართულ სასამართლოებში ტელეკომპანიის უფლებები, კერძოდ, დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება და გამოხატვის ან მედიის თავისუფლება.

"სტრასბურგის სასამართლოდან ხელისუფლების სახელზე გამოგზავნილი წერილი ჩვეულებრივი პროცედურული ხასიათისაა, ამას ველოდებოდით. სასამართლო როდესაც გაეცნობა საქმის მასალებს, რა კითხვებიც გაუჩნდება, უგზავნის ხელისუფლებას, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს. ეს პროცედურა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამის საფუძველზე ხდება გარკვეული მინიშნება, თუ რა საკვანძო საკითხები შეიძლება გახდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი.

"ყადაღასთან ერთად, კითხვები შეეხო მოსამართლეების თემასაც, რადგანაც ჩვენ, ასევე, გასაჩივრებული გვაქვს კონვენციის მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს არა მარტო იმ პროცედურულ დარღვევებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არამედ მიკერძოებული მოსამართლეების არსებობასაც. ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობთ მოსამართლეებზე - თამაზ ურთმელიძე, უზენაესიდან - მზია თოდუა, სააპელაციოდან - ნათია გუჯაბიძე, შორენა ყაველაშვილი და ნინო გვენეტაძე", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "რუსთავი 2"-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი.

მისი თქმით, საინტერესო კითხვებია. ამიტომ ფიქრობს, რომ ევროპის სასამართლო საქმეს დასაშვებად ცნობს.

"ეს კითხვები არის დასაშვები ეტაპისთვის, თუმცა შესაძლებელია, ერთად განიხილონ და საქმის განხილვისთვისაც გამოადგეთ. ამას სასამართლო ერთობლივად განიხლავს თუ ცალ-ცალკე, არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში კითხვები არის საინტერესო და დარწმუნებულები ვართ, საქმე ნამდვილად არის დასაშვები.

"იუსტიციის სამინისტროს ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო 29 მარტამდე აქვს. მერე ჩვენ გამოგვიგზავნიან და მოგვცემენ რამდენიმეკვირიან ვადას, რომ დავამუშაოთ ჩვენი განმარტებები ამასთან დაკავშირებით. შემდეგ სასამართლო შეკრავს მასალებს და შესაძლოა, სხდომა ჩანიშნოს. ამ ყველაფერს კი, მაქსიმუმ, 1 წელი ან მეტი დასჭირდება. ამასთან დაკავშირებით დედლაინი არ არსებობს.

"სტრასბურგის სასამართლომ თუ რომელიმე მუხლზე, კერძოდ მე-10 და მე-6 მუხლებზე, დაადგინა დარღვევა, მოგვეცემა ახალი გარემოება და შესაძლებლობა, რომ საქართველოში მისი განხილვა თავიდან მოხდეს. ქართული კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, ამიტომ ხელისუფლება ვერაფერს იტყვის", - გვითხრა მურადაშვილმა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიას თქმით კი, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, ამ კითხვებზე სწორი და ამომწურავი პასუხები გასცეს.

"არსებითად სწორი და კარგი კითხვებია. ეს შეკითხვები აშკარად გამოაჩენს იმ გარემოებებს, რის მიჩქმალვასაც თავის დროზე "რუსთავი 2" ცდილობდა. სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა ამ შეკითხვებზე სწორი და ამომწურავი პასუხები გასცეს. ერთ-ერთი კითხვაა, ჰქონდა თუ არა "რუსთავი 2"-ს საშუალება, ყადაღის შემდეგ ემაუწყებლა. ვიცით, რომ ამის უფლება არავის წაურთმევია და ახლაც თავიდან ბოლომდე მაუწყებლობს", - გვითხრა სალიამ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო და რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ამასთან დაკავშირებით "მთელმა კვირამ" განმარტება სთხოვა დამოუკიდებელ იურისტ ლია მუხაშავრიას.

"რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსასამართლო, არ ვიცი, წინასწარ ამის პროგნოზი რთულია. შეიძლება წარმოებაშიც არ მიიღოს. არსებითი განხილვის შემთხვევაში კი შეიძლება ორი გადაწყვეტილება მიიღოს. ერთი, რომ აღიაროს საქართველოს სასამართლოს მხრიდან ევროკონვენციის დარღვევის ფაქტი, ან კიდევ პირიქით.

"თუ მე-6 მუხლის დარღვევა დადგინდა - სამართლიანი სასამართლოს უფლება - შესაძლოა, საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება გადაისინჯოს და საქმეზე დავა ხელახლა დაიწყოს. ხოლო თუ მხოლოდ მე-10 მუხლის დარღვევა აღიარა, გამოხატვის ან მედიის თავისუფლების, მაშინ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მაგრამ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაც იქნება ძალში", - გვითხრა მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×