ნინო ქეთელაური
10.12.2017

საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით, - ასეთია საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის პოზიცია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

"საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით. შესაბამისად, ყველა კომუნიკაცია, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არსებობს მხოლოდ შესაბამის უწყებებს შორის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პარასკევს კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მას ბრალად ორგანიზებული დანაშაულის ხელშეწყობა ედება.

"ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს. მისი თქმით, "ეს პოლიტიკური დევნაა", რომელიც საქართველოში 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და მიხეილ სააკაშვილსაც მას შედეგ მოუწია ქვეყნის დატოვება.

"დღეს ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და თუ გვინდა, ეს პრობლემა გადაწყდეს, ეს უნდა მოხდეს საქართველოში. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება პოლიტიკური დევნილების და პოლიტიკური პატიმრების გარეშე. მოვისმინე ბევრი ქილიკი და აღფრთოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ დაიჭირეს, ნუ გვიხარია ეს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ცუდი. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება არავის არ უნდა უხაროდეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების რეაქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებაზე? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "ხელისუფლების რეაქცია როგორი უნდა იყოს, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი. მაგრამ თვითონ ისტორია იმდენად უცნაურია, რომ ფილმისთვის მაგარი სიუჟეტია.

"ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ეს მოვლენა პირდაპირ სცენარია. არასდროს მსმენია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მიდიოდეს მეორეში, იქ ოპოზიციის ლიდერად გვევლინებოდეს, ამ დროს კი ორივეგან მასზე საქმე იყოს აღძრული. ყოველდღე ახალ-ახალი სპექტაკლები იდგმება და ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები."

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "მე ვფიქრობ, არანაირი რეაქცია არ უნდა ჰქონდეს. ის ადამიანი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, ჩავიდა სხვა ქვეყანაში, მოინდომა იქ არეულობა და რევოლუციის მოწყობა. შესაბამისად, ჩვენ ვინ გვეკითხება, სხვა ქვეყნის მოქალაქე იმ ქვეყანაში როგორ იქცევა?!"

 

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი პოეტი): "როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, ჩვენმა ხელისუფლებამ მხარი უნდა დაუჭიროს მისი გათავისუფლების მოთხოვნას. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ეს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემის გამოხატულებაა."

 

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "როგორც ადამიანები, ალბათ უნდა შეწუხდნენ და ხმამაღლა გამოხატონ ეს. თუმცა ალბათ მაინც სამართლებრივმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი იმიტომ, რომ ბევრი ნიუანსი ჩვენ არც ვიცით და გამოძიებას უნდა დაველოდოთ. სხვა მხრივ, მე პირადად ძალიან არ მომეწონა, როდესაც სააკაშვილს ორი პოლიციელი ეცა და მანქანაში ტენიდა. ძალიან იმოქმედა ჩემზე."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×