სოსო ცინცაძე: "დიპლომატიური პრაქტიკის გათვალისწინებით, ვიზიტის გაუქმება პროტესტის ნიშანია"
ეკატერინე ბასილაია
11.12.2017

 სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 16 დეკემბერს თბილისში ჩამოსვლას გეგმავს. როგორც სომხური მედია წერს, ეს ვიზიტი სასწრაფოდ დაიგეგმა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 1-ელ დეკემბერს სომხეთში დაგეგმილი ვიზიტი წინა დღით მოულოდნელად გადაიდო "გაურკვეველი დროით" და ოფიციალური ერევნის განცხადებით, მიზეზად დასახელდა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ჯერ დამტკიცებული არ არის.

სომხური მედია კითხვებს სვამს - რა მოხდა ისეთი, რატომ გადაიფიქრა საქართველოს პრემიერმა ერევანში ჩასვლა და კვირიკაშვილის ვიზიტის გადადების ფონზე რა მნიშვნელოვანმა საქმემ აიძულა სომხეთის პრეზიდენტი, სასწრაფოდ დაეგეგმა თბილისში ჩასვლა.

"დიპლომატიის აკადემიის" დამფუძნებელი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ მაღალი დონის ვიზიტი სერიოზული და დიდი მუშაობის შედეგად იგეგმება, ამიტომაც წინა დღით მისი გაუქმება კითხვებს, რა თქმა უნდა, ბადებს. თანაც, ძალიან არასერიოზულია მიზეზად იმის დასახელება, რომ თურმე პარლამენტში მთავრობა ჯერ კიდევ ვერ დაამტკიცეს.

"ეს მიანიშნებს რაღაც წყალქვეშა მოვლენებზე, რის თაობაზეც საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია და რაც პრობლემებზე მიანიშნებს. მთავრობა არ არის დამტკიცებულიო - ამ თითიდან გამოწოვილი, არადიპლომატიური არგუმენტისა არავის სჯერა," - აცხადებს ცინცაძე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ერევანში ოფიციალური ვიზიტით 1-ელ დეკემბერს უნდა ჩასულიყო, მაგრამ ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, 30 ნოემბერს, ვიზიტი განუსაზღვრელი ვადით გადადო და, როგორც ოფიციალური ერევანი აცხადებს, გზავნილში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს ეწვევა მას შემდეგ, რაც პარლამენტი ქვეყნის ახალი მთავრობის შემადგენლობას დაამტკიცებს. სომხური და რუსული გამოცემების ცნობით, საქართველოს პრემიერის გაუქმებული ვიზიტის შემდეგ გაცხადდა, რომ 16 დეკემბერს სომხეთის პრეზიდენტი გეგმავს თბილისში გამგზავრებას, თუმცა ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა.

რუსული გამოცემა "ევრაზია ადეილი" წერს, რომ ქართული მხარის მიერ გახმოვანებული მიზეზი დამაჯერებელი არ არის, რადგან 30 ნოემბრამდე ბევრად ადრე იცოდნენ თბილისში, ახალი მთავრობა 1-ელ დეკემბერს დამტკიცებული რომ არ იქნებოდა და ვარაუდია, შესაძლოა, ეს არგუმენტი თავად სომხურმა მხარემ მოიფიქრა, რათა რაიმეთი გაემართლებინა ვიზიტის გაუქმება.

გამოცემა კითხვებს სვამს: რამ აიძულა ქართული მხარე, უკვე დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინა? სერჟ სარგსიანის მოსალოდნელი ვიზიტი ნიშნავს თუ არა, რომ ის პირადად გეგმავს, გაარკვიოს კვირიკაშვილის ვიზიტის გაუქმების მიზეზი? და საქართველოს პრემიერის ვიზიტის გადადების ფონზე რა მნიშვნელოვანმა საქმემ აიძულა სომხეთის პრეზიდენტი, სასწრაფოდ დაეგეგმა თბილისში ჩასვლა?

კონკრეტულად რა საკითხებია განსახილველი ორი ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის, "ევრაზია დეილის" ამაზე მხოლოდ ზოგადი ვარაუდი აქვს და წერს, რომ განსახილველი საკითხების ფართო სპექტრია - უსაფრთხოებიდან დაწყებული, ეკონომიკით დასრულებული. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ერევანში ჩასული იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ლაპარაკობდა შესაძლო ვექტორზე ირანი-სომხეთი-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ და ახლა, როდესაც რეგიონში ახალ ცენტრზე კონსენსუსი არსებობს, საქართველო განზე ვერ გადგება, რადგან რეგიონის ღერძი სომხეთი-საქართველო უნდა გახდეს და ამ საკითხის განხილვა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი.

სომხური საინფორმაციო "1ინ.ამ" წერს, რომ ერევანსა და თბილისს შორის მთავარი პრობლემური განსახილველი თემა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს ეხება, რომელიც ზამთრის განმავლობაში სატვირთო მანქანებისთვის ძალიან ხშირად იკეტება. რადგანაც სომხეთის ეკონომიკა რუსულ ბაზარზე და, შესაბამისად, ლარსის გამშვებ პუნქტზეა დამოკიდებული, ზამთარი სომხეთის ბიზნესწრეებისთვის ლამის კოშმარად იქცა და ლარსის ხშირი ჩაკეტვა ერევანში მუდმივად უკმაყოფილებას იწვევს. ამიტომაც ერევანში ალტერნატიულ სატრანზიტო ვარიანტად მუდმივად აფხაზეთის რკინიგზა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით როკის გვირაბის მიმართულება განიხილება და ამ საკითხს ერევანი თბილისთან დროდადრო წამოწევს ხოლმე.

სომხური გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა, გაცხადდა, რომ ლარსის ალტერნატივა განიხილებოდა, თუმცა 10 თვის შემდეგაც არ ჩანს რეალური ქმედება და ერევანი ცდილობს, ეს უმოქმედობა რამენაირად შეცვალოს. გამოცემის თქმით, სწორედ ამ საკითხის გამო იყო აქტუალური ერევანში კვირიკაშვილის ჩასვლა.

ვიზიტის გაუქმება თუ გადადებაზე საკუთარი ვერსია აქვს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესაც.

"ზუსტად რატომ გადაიდო, არ ვიცით, თუმცა ეს დაემთხვა ახალქალაქის საკრებულოში 1-ელ დეკემბერს შეტანილ ექსტრაორდინარულ მოთხოვნას, რომ ამ ქალაქმა სომეხთა გენოციდი აღიაროს. არ გამოვრიცხავ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ ამ პრობლემის ინიცირება სომხეთის მხარდაჭერით მოხდა. ერევნისათვის თბილისის მიერ გენოციდის აღიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან ძალიან დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, ანკარასთან გააფუჭებს ურთიერთობას, რაც სომხეთის ოცნებაა. ეს არის ერთი ვერსია.

"იმდენად გაუმჭვირვალეა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, რთულია, თქვა, რა საკითხებს განიხილავენ სომხეთთან და ამიტომაც მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ვარაუდი იმაზე, რაც ზედაპირზე დევს, როცა ვხედავთ, რომ ახალქალაქის საკრებულო ცდილობს, ახალ დიპლომატიურ სკანდალში გაგვხვიოს.

"შესაძლოა, კიდევ არის წყალქვეშა დინებები. ვიზიტის გადადება ცუდი ლაქაა. დიპლომატიური პრაქტიკის გათვალისწინებით, ვიზიტის გაუქმება პროტესტის ნიშანია", - ამბობს ცინცაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×