ნინო ქეთელაური
11.12.2017

 მომავალი წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფრანგული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „მისტრალები" გამოჩნდება. როგორც ცნობილია, „მისტრალი" მცირე რადიუსის მოქმედების ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია და მეზენიტეებს, კომპლექსის მცირე გაბარიტების გამო, საშუალება ექნებათ, ოპერატიულად იცვალონ საცეცხლე პოზიციები, კარგად შეინიღბონ და ჩასაფრდნენ იმ ადგილებში, რომელთა სიახლოვეს მოწინააღმდეგის საბრძოლო ავიაციის დაბალ სიმაღლეზე ფრენაა მოსალოდნელი.

მიუხედავად იმისა, რომ „მისტრალი" მცირე რადიოსის მოქმედების საზენიტო დანადგარია და „სტინგერისა" და „იგლას" ანალოგია, მისი გასროლა არა სამხედრო მხრიდან, არამედ სპეციალურ სადგამზე დამაგრებული კომპლექსიდან ისვრის. თუმცა, „კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ქართული მხარე ფრანგულ „მისტრალებს" მაღალი გამავლობის მანქანებზე დამონტაჟებულს მიიღებს, რაც გაზრდის ამ საზენიტო საშუალებების მობილურობას.

ამასთან, ქართული მხარე მესამე მოდიფიკაციის „მისტრალებს" მიიღებს, რომელთა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესებულია.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საზენიტო კომპლექსებს აქვთ როგორც პლიუსები, ასევე მინუსებიც.

"დადებითი მხარეებია გამოყენების სიმარტივე, პრინციპი „გაისროლე-დაივიწყე", მასში გამოყენებულია აღნიშნული ტიპის სისტემებისთვის დღეისათვის არსებული თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები. უარყოფით მხარედ კი დავასახელებ ამ კომპლექსების შეზღუდულ სივრცით საბრძოლო შესაძლებლობებს. კერძოდ, ეს სისტემები გამოიყენება დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენების და თვითმფრინავების წინააღმდეგ. დაზიანების რადიუსი კი შეადგენს მაქსიმუმ 20 კმ-ს, რაც დიდად ვერაფერს შემატებს ჩვენს საჰაერო თავდაცვის სისტემას",-ამბობს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება ორი რადარის შეძენას, ბრიგადის გენერალი აცხადებს, რომ ეს შენამატიც საკმაოდ მოკრძალებული იქნება, რადგან ერთის რადიუსი შეადგენს 400 კმ-ს, მეორესი კი 250 კმ-ს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×