საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დამატებითი არგუმენტების მოსმენა სჭირდება.
"მე შემიძლია, დავადასტურო, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის "ქართულ ოცნებაში", არის განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, რაღაცის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები გვჭირდება.
"ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ორივე მხარეს არის არგუმენტები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მეც მჭირდება არგუმენტები, ჯერჯერობით არ მომისმენია სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს სიღრმისეული ანალიზის წარდგენისკენ მოუწოდებს, რაც, მისი განცხადებით, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.
უნდა შეიცვალოს თუ არა ნარკოპოლიტიკა? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
გია ბაღაშვილი (ფოლკლორისტი): ის, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ, აბსოლუტურად გასაგებია და როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, არც ხდებოდა მათი ციხეში ჩასმა. სხვა საკითხია თემა, რომელიც უკავშირდება ლეგალიზაციას. ბოლო პერიოდში კი კამპანია აგორდა - საკითხი ძალიან აქტუალური და გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის მიმზიდველი გახდა.
პარადოქსული ამბავია, ჯერ არავის არ დაუმტკიცებია, რომ ნარკოტიკი, მსუბუქი იქნება თუ მძიმე, ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდის კამპანიით ხდება ყურადღების გადატანა. ჩემი აზრით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია არის დაუშვებელი. რაც შეეხება იმას, რომ მარიხუანას გამო ციხეში არ უნდა ჩასვან, ეს მისაღებია.
მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს სხვაგვარი, დასჯა მასზე ზრუნვის პოლიტიკით უნდა შეიცვალოს, რისი მცდელობაც ახლა არის, მაგრამ არამც და არამც ეს არ უნდა გადიოდეს ნარკოტიკის ლეგალიზაციის გზაზე.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, თუმცა მოსამზადებელია. ის, რაც ხდება, არის მოუმზადებელი გადაწყვეტილება. რეაბილიტაციის, მკურნალობის პროგრამა უნდა ვიცოდეთ, ვინ იმუშავებს ამ ადამიანებთან.
აქ მთავარი საკითხი არის ჩადების პრობლემა და ამის გადაწყვეტა არის პოლიტიკური ნება - თუ ამაზე უარს იტყვიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): შესაცვლელია, მაგრამ ძალიან ფრთხილად. ის, რასაც ითხოვენ, არის მაქსიმალური, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს მთელ საქართველოს. დიდი სიფრთხილით არის ეს ყველაფერი გადასაწყვეტი.
ნიკუშა შენგელაია (მხატვარი): შესაცვლელია და ევროპული ქვეყნების პრაქტიკაა გასათვალისწინებელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე