რას გამოიწვევს, თუკი მიხეილ სააკაშვილს თბილისში ჩამოიყვანენ და ციხეში ჩასვამენ
ეკატერინე ბასილაია
12.12.2017

 მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუკი მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება, ივანიშვილმა იკითხოს, რადგან "მერე დაიწყება თავდავიწყება" და "ვარდების რევოლუცია" მონაგონი იქნება.

ქართველი ექსპერტებისა და იურისტების თქმით, წესით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირება ხელს არ უნდა აძლევდეს, რადგან ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჯდომა პროცესებს ასე თუ ისე დაძაბავს როგორც "ნაციონალების" აქციების გამო, ისე საერთაშორისო ნეგატიური გამოხმაურებების გამო და ეს მმართველი ძალის "თავის ტკივილად" იქცევა.

თუმცა სააკაშვილის თბილისში ექსტრადირება გამორიცხული რომ არ არის, ამაზეც საუბრობენ, რადგან პეტრო პოროშენკოსთვის "გამოსავალი", შესაძლოა, სწორედ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში გამოგზავნა იყოს.

მოხდება თუ არა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს სამართლებრივი საკითხია და არა პოლიტიკური.

დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, როდის მოხდება ექსტრადირება და მოხდება თუ არა, ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან "თავად უკრაინაში არის მის მიმართ საკმაოდ სერიოზული ბრალდებები წაყენებული", თუმცა მიაჩნია, რომ "ნებისმიერი დამნაშავე ადრე თუ გვიან სასამართლოს წინაშე წარდგება.

სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილმა ორგზის პრეზიდენტმა უკრაინაში "ასეთ ვითარებაში რომ ჩაიგდო თავი".

"რაც შეეხება ექსტრადიციას, ამ საკითხებს წყვეტს პროკურატურა, რამდენადაც ვიცი იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მე მაქვს, გაგზავნილია მოთხოვნა და ნამდვილად ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს უკრაინის სასამართლო",- ამბობს კახიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ უტყუარი ინფორმაცია კიევსა და თბილისს შორის შეთანხმებაზე და გადაწყვეტილია, სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ.

გუშინ უკრაინის საელჩოს წინ "ნაციონალებმა" ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაც გამართეს. ნიკა რურუას თქმით, დიდი ალბათობაა, პოროშენკო შეეცადოს სააკაშვილის ექსტრადირებით მოშორებას და "ქართველი ხალხი არ აიტანს თავის მესამე პრეზიდენტს ციხეში".

ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ორ ოლიგარქს განზრახული აქვს, სააკაშვილი ჩამოიყვანონ საქართველოში და ის ციხეში მოათავსონ. თუ ეს მოხდება, "ისინი მიიღებენ იმ ერთადერთ ადეკვატურ პასუხს, რომელიც მათ უნდა მიიღონ".

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ქართულ ციხეში ჩასმის შემთხვევაში მხოლოდ მწვავე განცხადებებით არ შემოიფარგლებიან.

"უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ ეს განზრახვა მათ ნამდვილად აქვთ. არ გაბედოთ უკრაინის ოლიგარქიულ რეჟიმთან შეთანხმება. ეს იქნება ქართული დემოკრატიის საბოლოოდ დასამარება, საბოლოო წერტილი, როცა "ოცნების ხელისუფლება" დამთავრდება", - განაცხადა დეკანოიძემ.

შესაძლო ექსტრადირებაზე გუშინ მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა უკრაინის სასამართლოდან.

"ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მე არ მეშინია. თუ უკრაინიდან გამოატანენ ჩემს თავს, მერე დაიწყება მაგათი თავდავიწყება. აქ იმხელა გამოცდილება მაქვს მიღებული, "ვარდების რევოლუცია" მოგონილია," - განაცხადა სააკაშვილმა.

იურისტების განცხადებით, ექსტრადირება შესაძლებელია, მთავარია, რა შეთანხება იქნება კიევსა და თბილისს შორის.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, როდესაც სააკაშვილს უკრაინაში აქვს ბრალი წარდგენილი, წესით, მისი ექსტრადირება არ უნდა განხორციელდეს და უკრაინაში წარდგენილი ბრალის დამტკიცება ან უარყოფა უკრაინაში უნდა მოხდეს. მით უმეტეს, რომ სააკაშვილი დღეს საქართველოს მოქალაქეც არ არის და გამოდის, რომ მის ექსტრადირებას ის ქვეყანა არ ითხოვს, რომლის მოქალაქეობაც აქვს. თუმცა მაინც უშვებს ალბათობას, რომ შესაძლოა, "გამონაკლისის წესით" ექსპრეზიდენტი თბილისში გამოგზავნონ.

მისი თქმით, სააკაშვილის თბილისში ექსტრადირება "ოცნებისთვის" დისკომფორტის შემქმნელი იქნება და, წესით, მისი ჩამოყვანა არ უნდა უნდოდეთ".

"ვფიქრობ, რომ ეს უკრაინაში სიტუაციას დაძაბავს. საქართველოში სააკაშვილს ისეთი მხარდაჭერა არ გააჩნია, რაც უკრაინაში, რადგან უკრაინას არ გაუვლია ის რეჟიმი, რაც საქართველოში ხალხმა გაიარა.

"თანაც, უკრაინაში ხელისუფლების ნდობა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების მიმართ ქართველების ნდობაა. აქიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ უნდობლობა არის, მაგრამ აგრესია დიდი არაა, უკრაინაში კი ეს აშკარაა. თუმცა სააკაშვილის ჩამოყვანა საქართველოს ხელისუფლებას მაინც არ უნდა უნდოდეს, რადგან ეს გარკვეული დისკომფორტი იქნება, გადაულახავი არა, ისეთი არა, რომ მასობრივი აქციები გამოიწვიოს, მაგრამ დისკომფორტი იქნება," - მიიჩნევს ნიკოლაიშვილი.

იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებთ, რომ ექსტრადირებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, მოხდება თუ არ მოხდება სააკაშვილის ექსტრადირება, მტკიცებით ფორმაში რამე კონკრეტულის თქმა რთულია. ეს დამოკიდებულია ორი სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროებისა და საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებაზე.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში უკრაინის სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მისი ქვეყნის პროკურატურის მიერ ბრალდებული პირი სხვა ქვეყანას გაასამართლებინოს თუ გაასამართლოს თავად.

"სააკაშვილთან მიმართებით ვერაფერს ვერ გეტყვით. შესაძლოა, საქართველოში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, მაგრამ ეს სულაც არ არის უპირობო საფუძველი უკრაინის სასამართლოსთვის, საერთაშირისო სამართლისა და უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, რომ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში წარმოებული საქმის პროცედურები დახუროს და საქართველოს გადმოსცეს.

"თუ უკრაინაში საერთოდაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, საქართველოსთვის გადმოცემა კიდევ უფრო პრობლემური ხდება. ლეგიტიმური კითხვა დადგება, ჩვენი სახელმწიფოს წინაშე აქვს დანაშაული ჩადენილი და ეს სასჯელი სხვა ქვეყანას რატომ უნდა შეასრულებინონ?! ამდენად, ერთმნიშვნელოვნად არც ექსტრადირების გამორიცხვა შეძლება და არც პირიქით", - აღნიშნავს ალაფიშვილი.

რას გამოიწვევს, თუკი სააკაშვილი ქართულ ციხეში აღმოჩნდება? ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ გამოსვლები იქნება - "მასშტაბები ისეთი არ იქნება, როგორც უკრაინაშია, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს".

"უპირობოა, რომ საქართველოში ყოფილ პრეზიდენტს მხარდამჭერები ჰყავს და მათი რიცხოვნობა საქართველოს მასშტაბის გათვალისწინებით მცირე არ არის. შესაბამისად, დემოკრატიული პროცესები შეიძლება საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში წარიმართოს და მოქმედი პოლიტიკური სუბიექტებისთვის არცთუ სახარბიელო მიმართულებით შეიცვალოს. სააკაშვილის მსჯავრდებულად დაბრუნება გავლენას იქონიებს პროცესებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - დასძენს ალაფიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×