
"ატენის სიონის მიმდინარე მშენებლობაზე გამოძიების დაწყება ჭიანურდება და ვფიქრობ, ეს პროცესი ხელოვნურად იწელება", - აცხადებს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით ეს გაჭიანურება მშნებლობის დასრულებას უკავშირდება, რადგან ამის შემდგომ ნაგებობის დანგრევა და პროცესის შეჩერება გაცილებით რთული იქნება.
"გამომძიებლის თქმით, კიდევ ორი კვირა არის საჭირო იმისთვის, რომ გაირკვეს, დაიწყება თუ არა გამოძიება. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამასობაში გადაიხურება შენობა, მოპირკეთდება კაფელით და ყველა იმ მოწყობილობით, რომელიც ცხოვრებისთვის იქნება გამოსადეგი. ამის მერე კი გამოძიება რომც დაიწყოს, ძალიან რთული იქნება იმ უკანონობის შეჩერება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით კეთდება", - აცხადებს ნინო მიქიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ძეგლის, მე-7 საუკუნეში აგებული ატენის სიონთან მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობამ კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოსაწყობად საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მშენებლობის მიწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ირღვევა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალად 500 მეტრია განსაზღვრული. ატენის სიონის ტაძრის შემთხვევაში ეს პირობა დარღვეულია, ფოტომასალიდანაც კი ჩანს, რომ ტაძარსა და სამონასტრო კომპლექსს შორის მანძილი ძალზე მცირეა, დაახლოებით 15 მეტრი.