მე-7 საუკუნეში აგებული ატენის სიონის ტაძართან მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გამოძიება ისევ არ დაწყებულა. "რეზონანსთან" პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელმაც ამ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველად რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა. ის ამბობს, რომ გამოძიების დაწყება ხელოვნურად ჭიანურდება, რათა მშენებლობის დასრულება მოესწროს.
შეგახსენებთ, რომ ატენის სიონის ტაძართან მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობამ კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოსაწყობად საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
"ობიექტივის" ჟურნალისტმა ანი კიკნაძემ მთავარ პროკურატურაში ტაძრის ეზოში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სარჩელი თითქმის ერთი თვის წინ შეიტანა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება.
როგორც ნინო მიქიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, იგი რამდენიმე დღის წინ გაესაუბრა გამომძიებელს, რომლის თქმითაც, კიდევ ორი კვირა დასჭირდება იმის გარკვევას, დაიწყება თუ არა საერთოდ გამოძიება.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გამოიკითხნენ ჟურნალისტები ნინო მიქიაშვილი და ანი კიკნაძე. ასევე გამოკითხული არიან მეუფე ანდრია, რომელიც ატენის სიონის ტაძარში მოღვაწეობს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სხვა პირები.
კონკრეტული ინფორმაციის მოცემისგან თავი შეიკავეს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, სადაც "რეზონანსს" უთხრეს, რომ საქმეზე დაწყებულია მოკვლევა და სხვა დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ მოგვაწვდიან.
"შემიძლია გითხრათ, რომ მიღებულია განცხადება კულტურული ძეგლის მიმდებარე მშენებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტზე წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით," - გვითხრეს პრესსამსახურში.
აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალად 500 მეტრია განსაზღვრული. ატენის სიონის ტაძრის შემთხვევაში, რომელიც მე-7 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, ეს პირობა დარღვეულია, ფოტომასალიდანაც კი ჩანს, რომ ტაძარსა და სამონასტრო კომპლექსს შორის მანძილი ძალზე მცირეა, დაახლოებით 15 მეტრი.
როგორც მიქიაშვილი აღნიშნავს, გამოძიების დაწყება ხელოვნურად ჭიანურდება, რათა მანამდე მშენებლობა დასრულდეს.
"რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე გამომძიებელს და როგორც თავად მითხრა, კიდევ ორი კვირა სჭირდება იმისთვის, რომ გაირკვეს, დაიწყება თუ არა გამოძიება. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამასობაში გადაიხურება შენობა, მოპირკეთდება კაფელითა და ყველა იმ მოწყობილობით, რომელიც ცხოვრებისთვის იქნება გამოსადეგი. ამის მერე გამოძიება რომც დაიწყოს, ძალიან რთული იქნება იმ უკანონობის შეჩერება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით ხდება.
"ძალიან ჭიანურდება გამოძიება და ვფიქრობ, ეს პროცესი ხელოვნურად კეთდება. მინდა, მთავარ პროკურორსა და შს მინისტრს მივმართო თქვენი საშუალებით. იმედი მაქვს, დაიწყება გამოძიება და ამ საკითხს არ მიაფუჩეჩებენ, გამოავლენენ დამნაშავეებს და შეაჩერებენ ამ მშნებლობას. კანონი რომ დარღვეულია, ნათელია. ნიკოლოზ ანთიძე არის დამნაშავე და ეს არ არის პირველი დანაშუალი, რომელსაც ის სჩადის," - აცხადებს ნინო მიქიაშვილი და აღნიშნავს, რომ მსგავსი მშენებლობის დაწყება მომავალში კაცხის სვეტთანაც იგეგმება.
"როგორც ვიცი, მსგავსი ნაგებობის გაკეთება იგეგმება კაცხის სვეტთან ახლოს. ნებართვა ჯერ არ არის გაცემული, მაგრამ სააგენტოდან გამოვითხოვე ინფორმაცია და არის მოთხოვნა, რომ კაცხის სვეტთან ახლოს გაკეთდეს შენობები. კულტურულ ძეგლებთან ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია."
ჟურნალისტის თქმით, იგი ორჯერ გაესაუბრა მეუფე ანდრიას, რომელიც ატენის სიონის ტაძარში მოღვაწეობს და როგორც მეუფემ უთხრა, მას აღნიშნული შენობის აშენება ტაძრიდან მოშორებით სურდა, რათა მისთვის მიეხედა.
"მე ორჯერ გავესაუბრე მეუფე ანდრიასაც, მისი ინიციატივით გორში ვიყავი ჩასული. 14 ნოემბერს შევხვდი მეუფეს, რომელმაც ბრძანა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული არაერთი პროექტი გააკეთეს და მაჩვენა კიდეც. აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომელიც მან მითხრა. მეუფის თქმით, ჰქონდა პროექტი და მშენებლობა ატენის სიონთან მოშორებით იყო დაგეგმილი, თუმცა მასზე ნებართვა არ დართო სააგენტომ. ამასთან, მეუფემ მითხრა, რომ ერჩივნა, მოშორებით აეშენებინა ეს კომპლექსი, რადგან გაცილებით თავისუფლად იქნებოდა და ახლა ძალიან შეზღუდულია. მისივე თქმით, ეს შენობაც იმისთვის სჭირდებოდა, რომ ტაძრისთვის მიეხედა," - განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.
ატენის სიონის მიმდებარედ მშენებლობას დადებითად არც ხელოვნებათმცოდნეები აფასებენ. როგორც ისინი ამბობენ, ადგილზე მისვლის გარეშე, გადაღებული ფოტოებიდანაც კი ჩანს, რომ მშენებლობა ტაძრის ვიზუალურ აღქმაში იჭრება.
"ატენის სიონის მიმდებარედ მშენებლობას ვერ შევაფასებ, რადგან ნანახი არ მაქვს, თუმცა რა ფოტოებიც გავრცელდა, იმის მიხედვით, სახარბიელო მდგომარეობა არ არის, რადგან მშენებარე ობიექტი აშკარად იჭრება ტაძრის ვიზუალური აღქმის ზონაში," - განაცხადა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა.
დამატებითი ინფორმაციის მიღებას "რეზონანსი" ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძისგან ცდილობდა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, ამიტომ გთავაზობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავცელებულ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც მშენებლობაზე საკითხის წამოწევის შემდგომ გავრცელდა.
"ტაძართან მიმდინარე სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობა, რაც კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოწყობას გულისხმობს, ატენის სიონის მონასტრის აღდგენის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 2006 წელს გამოცემული ბრძანების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც 1974 და 2009 წლებში ადგილზე წარმოებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ადრეული კელიების საძირკვლის ნაშთების გათვალისწინებით ისტორიულ კონტექსტს აღადგენს.
"სამშენებლო პროცესი არანაირი ფორმით არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და სრულ შესაბამისობაშია არსებულ ნორმებთან," - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.