საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თავისი შესაძლო ექსტრადირების შესახებ აცხადებს, რომ "თუ ხელი წაუცდათ რამეზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოაყომარებს საქმეს, ვიდრე უკრაინაში".
აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ თუ ის რეალურად ასე ფიქრობს, მაშინ, წესით, საქართველოში ექსტრადირებაც უნდა აწყობდეს, მაგრამ "თუ ჩამოვა და საკუთარი 15%-იანი რეიტინგით შიარაღებულ აჯანყებას მოაწყობს, მაშინ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან მისი მოწინააღმდეგეებიც იარაღს მოჰკიდებენ ხელს, მათი რიცხვი კი გაცილებით მეტია".
"თუ საქართველო ექსტრადირებაზე ისევ მიმართავს უკრაინას, ეს შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ პირიქით გადაიგზავნონ რუსეთში ან მონღოლეთში. თუ ხელი წაუცდათ რამეზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე აქ," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება მის გათავისუფლებას, სააკაშვილის თქმით, საქმის მოსამართლე მამაცი აღმოჩნდა და მითითებები არ შეასრულა, თუმცა შინაპატიმრობის პირობებშიც შეძლებდა აქციების გამართვას.
"მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მე სახლში ჩამკეტონ და გარეთ არ გამომიშვან. მე სახურავიდანაც შემეძლო მიტინგების ჩატარება, მაგრამ გამომიშვეს. რაც მთავარია, მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი აქ იყო, მინისტრები, მთავრობის წევრები და ა.შ. ყველა გვერდზე დაგვიდგა. ჩემ მხარდასაჭერად შეიკრიბა ათეულ ათასობით ადამიანი. ეს არის კარგი შანსი, მოვახდინოთ ამ ხალხის კონსოლიდაცია და გავიმარჯვოთ. უკრაინაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ საქართველო დარჩეს გამარჯვებული", - განაცხადა სააკაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ "ამ ავანტიურას უკრაინა არ წამოეგება", რადგან, მისი თქმით, "იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტიურა".
"ეს არის კარგად წაკითხული წიგნი, სცენარი, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინა, როგორც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ამ ავნტიურას არ წამოეგება.
"ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის ბრალდება - რუსულ კავშირებთან სააკაშვილის ბმა, რაშიც მას ბრალი აქვს წაყენებული, თუმცა ეს დადასტურდება თუ არა, სასამართლოს საქმეა და სასამართლო განსჯის, მაგრამ ეს მაინც არის საყურადღებო, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამაზე პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადებები. პოლიტიკური გუნდი და პარლამენტი, ბუნებრივია, ამ პროცესებში არ ჩავერევით," - განაცხადა ბესელიამ.
რაც შეეხება საქართველოს პროკურატურის პოზიციას, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ საქართველოში ყველა იმ პირის ექსტრადირება განხორციელდება, რომლებიც ქართული კანონმდებლობით იძებნებიან.
"თავის დროზე მივმართეთ უკრაინას რამდენჯერმე და მივიღეთ შესაბამისი პასუხები. ამ ეტაპზე განსაკუთრებული გარემოება იმისა, რომ ისევ მივმართოთ, არ არსებობს. მოლოდინი გვაქვს თითოეულ პირზე, ვისზეც ჩვენი კანონმდებლობით ძებნა არის გამოცხადებული, რომ რომელიმე სახელმწიფოში მათი დაკავების შემთხვევაში მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ანალოგიური მოლოდინი გვაქვს ნებისმიერ ძებნილთან მიმართებაში," - განაცხადა მამუკა ვასაძემ.
პოლიტოლოგ იგორ კვესელავას აზრით, თუ სააკაშვილი თვლის, რომ საქართველოში პროცესების მართვა მისთვის ბევრად მარტივი იქნება, მაშინ, წესით, ექსტრადირებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობასაც უნდა დათანხმდეს, რათა ამ პერიოდში პროცესების მართვა მოახერხოს.
თუმცა, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მისი საქართველოში ექსტრადირება წარმოუდგენელია, ამიტომ, ეს განცხადებები არაფერს ნიშნავს.
"სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის ამბავი დასრულებულია. მართალია, მას შესაძლოა, ჰყავდეს იდეური მხარდამჭერები როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, მაგრამ ეგრე შევარდნაძესაც ჰყავდა და ზვიად გამსახურდიასაც დღემდე ჰყავს. ეს არაფერს ნიშნავს. 5 ათას კაცს საააკშვილი ყველგან შეაგროვებს, მაგრამ მთავარია, საზოგადოების უდიდეს ნაწილს სჯერა თუ არა ყოფილი ხელისუფლების, ჩვენთან კი კარგად მოგეხსენებათ, რა განწყობებია მის მიმართ. ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია მისი საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე დაბუნება," - აცხადებს კვესელავა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ პერიოდში ექსტრადირება არარეალურია, თუმცა, თუ მაინც ასე მოხდა, სააკაშვილს საქართველოში პერსპექტივა არ აქვს და ამას მისი პარტიის რეიტინგი მოწმობს.
"ექსტრადირებას არ ველოდები იმიტომ, რომ ჯერ სადაც დანაშაულს ედავებიან, იმ ქვეყნის შესაბამისმა ორგანობმა უნდა იმუშაონ და თუ დააშავა, იქვე დაისაჯოს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება, დადგეს ექსტრადირების საკითხი. ამიტომ, ესქტრადირების თემა ამ სიტუაციისთვის არაფრის მოცემია. თუკი სააკაშვილი ამბობს, საქართველოში უფრო მოვახერხებ რამესო, ეს საეჭვოა, რადგან 2012 წელს მან აქ წააგო არჩევნები. მას მერე მისი პარტიაც რამდენიმე ნაწილად დაიშალა, ამასთან, "ნაცმოძრაობამ" რამდნიმე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. ასე რომ, სააკაშვილს აქ რაიმე პერსპექტივა გააჩნდეს, ძალიან მეეჭვება. თუ ჩამოვა და საკუთარი 15%-იანი რეიტინგით შეიარაღებულ აჯანყებას მოაწყობს, მაშინ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან მისი მოწინააღმდგეებიც მოჰკიდებენ იარაღს ხელს და მათი რიცხვი გაცილებით მეტია," - ამბობს რამაზ საყვარელიძე.