ახალი სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებებითა და პლუს, ახლად მიღებული კონსტიტუციით ქვეყანა ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე მომუშავე სათათბირო სტრუქტურის გარეშე რჩება.
კონკრეტულად, საუბარია იმაზე, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებით გაუქმდა პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანო და ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთიანდება, რომლის ამოცანა ბუნებრივი და ტექნოლოგიური კრიზისების გადაჭრა იქნება. ასევე, ოქტომბერში დამტკიცებული ახალი კონსტიტუციით, 2018 წლის ოქტომბრიდან უქმდება პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო და მაშინ ითქვა, რომ ორი ერთი და იმავე ფუნქციის ორგანო საჭირო აღარ იყო და რომ უშიშროების საბჭოს ფუნქციებს გადაიბარებდა კრიზისების მართვის საბჭო.
ქვეყნის უსაფრთხოებაზე მომუშავე სათათბირო ორგანოს გაუქმების გამო ოპოზიციასა და ექსპერტების დიდ ნაწილში კრიტიკული განცხადებები კეთდება. ეს თემა დიდი კამათის საგანი გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდა, სადაც ახლად მიღებულ კონსტიტუციაში დამატებით ცვლილებების შეტანაზე პირველი მოსმენით მსჯელობდნენ.
როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებისას "ოცნებას" ერთადერთ არგუმენტად მოჰყავდა ის, რომ პრემიერ-მინისტრთან არსებობდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ახლა მთავრობა აცხადებს, რომ კრიზისების მართვის საბჭო თურმე უფუნქციო ყოფილა.
მისი თქმით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც 2014 წელს "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო შექმნილი და ამ უფუნქციო სტრუქტურამ 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა.
"გვიმტკიცებდით, რომ ქვეყნის უსაფრთხოება მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო "ქართული ოცნებისთვის". ამის საკოორდინაციოდ მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან შექმნილი იყო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ეს საბჭო განახორციელებდა იმ ფუნქციებს, რომლებსაც ეროვნული უშიშროების საბჭო ახორციელებდა. ახლა, სამთავრობო ცვლილებების დროს აღმოვაჩინეთ და თავად მთავრობის საპარლამენტო მდივანი გვიცხადებს, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უფუნქციო ორგანო იყო. გამოდის, რომ გასული 3 წლის განმავლობაში ტყუილად იფუნქციონირა და დღეს მთავრობამ გადაწყვიტა, თავად აიღოს ეს ფუნქცია თავის თავზე ისე, რომ უსაფრთხოების გამოწვევებში არაფერი შეცვლილა, მსოფლიოში არაფერი შეცვლილა, ქვეყნის შიგნით არაფერი შეცვლილა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებისთვის იქნა მხოლოდ და მხოლოდ ამ უსაფრთხოების საბჭოს არსებობა გამოწვეული. მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა, რომლის ნახევარზე მეტი მხოლოდ და მხოლოდ ხელფასები იყო", - განაცხადა აბესაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმება უპირობოდ აუცილებელი იყო, რათა არ ყოფილიყო დისონანსი კონსტიტუციურ სისტემაში.
"კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით უქმდება არაქმედითი, ნულოვანი ეფექტურობის მქონე ორგანო - უშიშროების საბჭო. მე გახლავართ უშიშროების საბჭოს წევრი. მისი ფუნქცია არის თავდაცვის ორგანიზება და სამხედრო აღმშენებლობა, რაც რეალურად არის მთავრობის უფლებამოსილება. დღევანდელ კონსტიტუციაში არის სრულიად პარადოქსული, აბსურდული და ნონსენსური ნორმა მოცემული, რომლითაც გაწერილია უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები და სტატუსი," - განაცხადა კობახიძემ.
ამ განხილვებისას მმართველი ძალის მხრიდან არაფერი თქმულა იმაზე, ახლა, როცა კრიზისების მართვის საბჭოს კომპეტენციებში აღარ შედის ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე მუშაობა, რომელმა სტრუქტურამ უნდა განახორციელოს ეს საკითხი.
ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრთან ეროვნულ უსაფრთხოებაზე მომუშავე სტრუქტურა აუცილებლად უნდა არსებობდეს და ინფორმაციაც აქვს, რომ მთავრობაში ამ საკითხზე მუშაობენ.
"რამდენადაც ვიცი, მთავრობაში გარკვეულ მოდელზე კონსულტაციები მიმდინარეობს და მოლოდინი მაქვს, რაღაც ფორმითა და სახელწოდებით ასეთი სტრუქტურა შეიქმნება. კონსულტაციები 1 თვე გაიწელება თუ 2 თვე, არაფერს არ დაანგრევს. ინფორმაცია მაქვს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და ვნახოთ, რა შედეგამდე მივლენ. იმედი მაქვს, რომ რაიმე სათათბირო ორგანო ან ანალიტიკური სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხებით იქნება დაკავებული, ჩამოყალიბდება. მაქსიმუმ 2-3 თვეში გავიგებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო აგრძელებს ფუნქციონირებას. სხვათა შორის, პასიურობენ, მეტად აქტიურად უნდა მუშაობდნენ," - დასძენს სალუქვაძე.