ია აბულაშვილი
13.12.2017

 რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საერთაშორისო არენაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალმის ისრაელის დედქალაქად აღიარებასა და აშშ-ის საელჩოს გადატანას თელ-ავივიდან იერუსალიმში, ამ საკითხებზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ პეტრე მამრაძეს გაესაუბრა.

პეტრე მამრაძე: აშშ-ის ბევრი პოლიტიკოსი და მათ შორის მსოფლიოს ცნობილი პოლიტოლოგები კარგა ხანია აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ აყენებს ზიანს შეერთებულ შტატებს და მთელ მსოფლიოსაც მხოლოდ მაშინ, როდესაც გოლფს თამაშობს. საკმარისია, გოლფის ჩოგანს ხელი გაუშვას და რაიმე განცხადება გააკეთოს, მაშინვე ზიანი ადგება აშშ-ს და ხშირ შემთხვევაში - მთელ მსოფლიოსაც. სწორედ ასეა შეფასებული ცნობილი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების მიერ ტრამპის განცხადება იმის თაობაზე, რომ იერუსალიმს ცნობს ისრაელის დედაქალაქად, აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა ევროკავშირისა და ნატო-ს თითქმის ყველა ქვეყანა, საერთო აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეუწყობს ხელს უკვე ხანგრძლივი ისტორიის მქონე კონფლიქტის მოგვარებას, არამედ პირიქით - ხელს შეუწყობს დაძაბულობისა და დაპირისპირების ზრდას. აღსანიშნავია და ძალზე მნიშვნელოვანი, რომ აშშ წინასწარ არ მოელაპარაკა თავის ტრადიციულ სტრატეგიულ მოკავშირეებს ამ გადაწყვტილების თაობაზე.

"რეზონანსი": ტრამპის გადაწყვეტილებას აქტიური პროტესტი მოჰყვა პალესტინაში, საპროტესტო აქციები გაიმართა თურქეთის სხვადასხვა ქალაქში. ირანის პარლამენტმა უკვე მოუწოდა ყველა მუსლიმანურ ქვეყანას, გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობა და მინიმუმამდე დაიყვანონ აშშ-თან ეკონომიკური კავშირები. თქვენი აზრით, რა შეიძლება მოჰყვეს, როგორც თქვენი კოლეგები ამბობენ, ტრამპის ამ სარისკო გადაწყვეტილებას და რამდენად შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია?

პ.მ: ტრამპის მოქმედება არაპროგნოზირებადია და, შესაბამისად, პოლიტიკური პროგნოზის გაკეთება მეტად გართულდა. თუმცა რაღაც დიდ ესკალაციასა და ომს ექსპერტები არ ელოდებიან, მაგრამ დაძაბულობის ზრდა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების პერსპექტივის ჩაშლა სახეზეა.

"რ": ამ რთულ პერიოდში რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ?

პ.მ: საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, სწორად იქცევა, როცა მკვეთრი განცხადებებისგან თავს იკავებს. არ აკრიტიკებს ტრამპის გადაწყვეტილებას და ამავდროულად აცხადებს, რომ დააკვირდება მოვლენებს და ითანამშრომლებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

ჩვენ არავინ გვთხოვს იმას, რომ სახელმწიფო დონეზე ვცნოთ იერუსალიმი ისრაელის დადაქალაქად. მაგალითად მოვიყვან, რომ საქართველო არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას და აშშ-ს, ჩვენს დიდ პარტნიორს, რომელიც მთელ მსოფლიოს მიმართავს თხოვნით, ცნოს კოსოვო და უკვე მრავალმა ქვეყანამ ეს გააკეთა, არ აქვს პრეტენზიები საქართველოს მიმართ. მათ ესმით, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, ჩვენ ვერ ვცნობთ კოსოვოს დამოუკიდებლობას. იერუსალიმის საკითხს კოსოვოს პრობლემას არც შევადარებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×