(რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით მისი და მთავრობის წევრების მიმართ გიორგი გაჩეჩილაძის მხრიდან წამოსულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
კვირიკაშვილმა გაჩეჩილაძეს ურჩია, სასამართლოს მიმართოს.
„თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო თანამდებობა. თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი კანონიერი იყო, მაშინ გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და ბოდიში მოუხადოს ტარიელ ხეჩიკაშვილსაც და მეც,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.
გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.