გვანცა ღვედაშვილი
13.12.2017

 "იმის გამო, რომ უკრაინაში არ არის ძალა, რომელიც პოროშენკოს შეულახავდა იმიჯს, ამისთვის გამოყენებული იქნა სააკაშვილი, რომლის რეიტინგმაც აიწია თავისი რევოლუციური ქმედებებით, ის ძლიერია როგორც ოპოზიციონერი და სწორედ ეს იქნა გამოყენებული სხვა ქვეყნების მიერ. გამორიცხული არ არის რუსეთის მიერაც. რაც მეტია არეულობა, მით უკეთესია ეს რუსეთისთვის", - განაცხადა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ "რეზონანსთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, მნიშვნელვანია საქართველოში დასრულდეს კონსტიტუციის თემა და ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მიექცეს. ამასთან პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ უშიშროებისა და კრიზისების საბჭოს გაუქმებას მისი სხვა ორგანოსთან მიერთება ჯობს.

"რეზონანსი": საკონსტიტუციო პროექტში ცვლილებების შეტანის პროცესები კვლავ გრძელდება. თქვენი აზრით, რატომ ვერ ხერხდება კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის მიღება და ამ თემის დასრულება?

იგორ კვესელავა: როგორც მოქალაქეს, როცა მეგონა, რომ დასრულდა საკონსტიტუციო პროექტის განხილვები, აღმოჩნდა, რომ ისევ ვუყურებ ამ პროცესს. რომ ოპოზიციასაც და პოზიციასაც ისევ აქვს კითხვები. მე მინდა ვისურვო, რომ დასრულდეს ამ საკითხზე მუშაობა.

მე ხალხის მიერ მიღებულ კონსტიტუციას ვერ ვხედავ, მას იღებს მთავრობა და პარლამენტი, მაგრამ შესაძლებელია, სადღაც რაღაცაში გათვალისწინებული იყოს, მოსახლეობის აზრიც. საქართველოს ძალიან ბევრი საქმე აქვს. გვაქვს, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რასაც უნდა მივხედოთ და უნდა დავასრულოთ, კონსტიტუციაზე მუშაობა.

"რ": როგორ აფასებთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელის მიხედვით უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა?

ი.კ.: უშიშროების საბჭო პრეზიდენტთან არსებული ორგანოა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკა მტკიცდება, საპრეზიდენტო ინსტიტუტის უფლებები მცირდება.

შესაბამისად, პრემიერი არის ქვეყნის საგარეო და საშინაო პროცესების წარმმართველი, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში ცოტა სხვანაირად წერია. მიმაჩნია, რომ უშიშროების საბჭო უნდა იყოს მთავრობასთან და არა პრეზიდენტთან.

რაც შეხება კრიზისების საბჭოს, ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაში უნდა არსებობდეს ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანოში მოვიდა ისეთი ძალა, რომელიც შეძლებს დაალაგოს ეს მდგომარეობა. ვფიქრობ, საბჭო უნდა არსებობდეს და მიბმული უნდა იყოს მთავრობასთან.

ქვეყანაში არსებობს, სოციალური ეკონომიკური და სხვადასხვა სახის კრიზისები, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ასეთი საბჭოს სათავეში ვიცე პრემიერი უნდა იდგას, ან შეერთებული იყოს რომელის სხვა ორგანოსთან.

"რ": რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, როგორ ფიქრობთ, რა ფინალს მივიღებთ საბოლოო ჯამში?

ი.კ.: გულახდილად უნდა გითხართ, რომ ისტორიულად უკრაინა არასდროს ყოფილა მდგრადი სახელმწიფო. ამ ტერიტორიის გაერთიანების შექმნა დაკავშირებულია ჯერ ლენინის სახელთან და საბოლოდ ხრუშოვთან. ზოგადად უკრაინაში არ არის სახელმწიფოებრიობის განცდა. ჩემთვის წარმოუდგენელია ის ქაოსი, რომელიც ამ ქვეყანაშია.

ეს ყველაფერი ერთის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკა წინააღმდეგია უკრაინის პრეზიდენტის და მიაჩნიათ, რომ დროა ის დამსახურებულ პენსიაზე გაუშვან, მაგრამ უკრაინაში არ არის ისეთი ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და ამასთან ამერიკის შემყურე იქნება. ანუ შშ-ის სურვილია, ის იყოს მფარველი და არა მოკავშირე.

იმის გამო, რომ უკრაინაში არ არის ძალა, რომელიც პოროშენკოს შეულახავდა იმიჯს, ამისთვის გამოყენებული იქნა სააკაშვილი, რომლის რეიტინგმაც აიწია თავისი რევოლუციური ქმედებებით, ის ძლიერია როგორც ოპოზიციონერი და სწორედ ეს იქნა გამოყენებული სხვა ქვეყნების მიერ. გამორიცხული არ არის რუსეთის მიერაც. რადგან, რაც მეტია არეულობა, მით უკეთესია ეს რუსეთისთვის.

საბოოლო ჯამში სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ის ვერ გახდება უკრაინის ლიდერი, მას ეს გააზრებული აქვს, თუმცა აქ დგას არა მხოლოს უკრაინის, არამედ მისი პიროვნულობის საკითხიც.

"რ": უკრაინაში სააკაშვილის აქტიურობასთან ერთად საქრათველოში მის მხარდასაჭერ აქიებს აქტიურად მართავს "ნაციონალური მოძრაობაც". თქვენი აზრით, რაიმე შედეგის მომტანი იქნება ეს აქციები?

ი.კ.: "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენი პრაქტიკიდან და ისტორიიდან გამომდინარე ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდება, მათი პოლიტიკა და სტრატეგია მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. სიმართლე გითხრათ, როგორც მე ვაკვირდები, მათ არც უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. მათ სურთ მუდმივ ოპოზიციაში ყოფნა, ისე როგორც რუსეთშია, მაგალითად ჟირინოვსკი, ამერიკაში მაკეინი და ა.შ.

რა თქმა უნდა "ნაციონალების" ლიდერი არის სააკაშვილი და მისი ამოძრავება ნიშნავს პარტიის გააქტიურებასაც. მიშას განადგურება კი პარტიის დამარცხებას ნიშნავს. თუმცა მეეჭვება, ამ პროცესებმა რაიმე შედეგი მოუტანოს პარტიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×