"როგორც ჩანს ახლა უფრო აქტუალური გახდა სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი. მაგრამ თუ არ დააკავეს და არ გადმოსცეს, ნებაყოფლობით ის არ ჩამოვა და არ ჩაბარდება ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს. მაგრამ, როგორ მოხერხდება მისი დაკავება, არ ვიცი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია.
უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე "რეზონანსი" ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
ლია მუხაშავრია: გაჩეჩილაძის ბრალდებებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიცნობ მის ადვოკატს და მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება.
"რეზონანსი": სააკაშვილის ექსტრადირება რამდენად მოსალოდნელია?
ლ.მ: როგორც ჩანს ახლა უფრო აქტუალური გახდა სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი. მაგრამ თუ არ დააკავეს და არ გადმოსცეს, ნებაყოფლობით ის არ ჩამოვა და არ ჩაბარდება ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს.
მაგრამ, აი, როგორ მოხერხდება კიდევ მისი დაკავება, არ ვიცი. ვნახოთ როგორ გადაწყდება უკრაინაში ეს ამბავი. იმიტომ რომ ორი დაპატიმრების შემდეგ თავს გრძნობს ძალიან გაძლიერებულად საიმისოდ, რომ ვერ გაუბედონ მესამედ დაკავება.
"რ": და თქვენ როგორ ფიქრობთ, გაბედავს პოროშენკო მესამედ მის დაკავებას?
ლ.მ: როგორც ჩანს უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლება მოდნომებულია სააკაშვილის თავიდან მოცილებაში და ალბათ გაუბედავენ.
"რ": `საქართველოში თუ ჩამოვალ უფრო მალე მოვაყომარებ" – თქვენი აზრით, სააკაშვილს აქვს გავლენა რაღაც ექსესები გამოიწვიოს ქვეყანაში?
ლ.მ: მას ამის უნარი აღარ შესწევს. ადრე ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში კი ბატონო შესწევდა უნარი. მეორე პერიოდში აბსოლუტურად შეირცხვინა თავი. ახლა კი არა მგონია "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომდგენლები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მას მიეხმარებიან მისი პრაგმატული მიისიის შესრულებაში.
"რ": და უკრაინაში თქვენი აზრით, სააკაშვილი შეძლებს რევოლუციის მოწყობას?
ლ.მ: უკრაინაში ხელისუფლება არის ძალიან სუსტი, არაკოორდინერებული და კორუმპირებული, ამიტომ ძალიან რთულია განჭვრიტო, როგორ განვითარდება მოვლენები. ვხედავთ რომ ქვეყანა ომშია ჩარეულია საგარეო მტრები უტევენ, შიგნიდან კი ქვეყანა კორუფციაში ჩაფლული.
"რ": ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას ისლამურ სამყაროში უკვე მოჰყვა დიდი უკმაყოფილება. საქართველოში კი "ოცნების" დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ტრამპის მსგავსად, მასაც ეღიარებინა იერუსალიმი დედაქალაქად. რა ნაბიჯი უნდა გადადგას თბილისმა?
ლ.მ: საქართველომ ძალიან კარგად უნდა აწონ-დაწონოს ყოველი ნაბიჯი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე დგამს, მათ შორის იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების საკითხი.
ჩვენ ძალიან მყიფე საერთაშორისო გარემოცვაში ვცხობრობთ და ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნენი გვახვევია გარს. ამიტომ, ფრთხილი საგარეო პოლიტიკის გარეშე შეიძლება სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. ამიტომ ყოველი ასეთი საკითხის მიმართ ხელისუფლებისგან უფრო მეტ სიფრთხილეს და წინდახედულობას ვისურვებდი.
"რ": უკვე ორი კვირა გავიდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან და კითხვა - რამ გამოიწვია არასწულოვანების ასეთი სასტიკი მკვლელობა პასუხგაუცემელია თქვენი აზრით, არ არის ეს დრო საკმარისი რაღაც მცირე დეტალები, რომ მაინც ყოფილიყო ცნობილი?
ლ.მ: გეთანხმებით, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გაცილებით მეტი უნდა ვიცოდეთ. ამ ამბავმა მთელი საქართველო ფეხზე დააყენა. ამიტომ გამოძიების ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიაწოდოს ინფორმაცია. ამიტომ მოვუწოდებ მათ ყოველდღიურად მოგვაწოდონ რა ხდება და როგორ ხდება. მათ შეუძლიათ გამოძიების საიდუმლოება ისე დაიცვან, რომ ჩვენც ვიყოთ ინფომირებულები და გამოძიებასაც ხელი არ შეეშალოს.