ეკატერინე ბასილაია
15.12.2017

 "ჩემი მკაფიო პოზიციაა, რომ პრემიერთან ეროვნულ უსაფრთხოებაზე მომუშავე სტრუქტურა უნდა არსებობდეს და ამაში ვერავინ ვერ გადამარწმუნებს. ეს აუცილებელია და ვისაც უნდა, სადისკუსიოდ ვიწვევ," - პრემიერთან არსებული კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის გაერთიანების გამო აცხადებს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.

"რეზონანსი": სამთავრობო ცვლილებებით, გაუქმდა პრემიერთან არსებული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შეუერთდა, რომლის ამოცანა იქნება ბუნებრივ კრიზისებთან გამკლავება. თქვენ როგორ აფასებთ ამ ცვლილებას, მით უმეტეს, როცა ახლად შეცვლილ კონსტიტუციაში გაუქმებულია პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანო იყო და მაშინ არგუმენტად ითქვა, რომ მსგავსი ფუნქციები ჰქონდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც ახალი ცვლილებით ქვეყნის უსაფრთხოებაზე აღარ იმუშავებს.

ამირან სალუქვაძე: კრიზისების მართვის საბჭო კი არ უქმდება, არამედ მის საფუძველზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანო, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებით დაკავებული არ იქნება, არამედ - ბუნებრივი, ტექნოგენური და სხვა კრიზისების საკითხებით, რითაც აქამდე იყო დაკავებული შსს-ს შესაბამისი სტრუქტურები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან მუდმივად ხდება ბუნებრივი კრიზისები, მეწყერი, წყალდიდობა თუ ხანძარი, ვფიქრობ, რომ შს მინისტრი ამ საქმეებით დაკავებული არ უნდა იყოს და უმჯობესია, სტრუქტურა ცალკე არსებობდეს. ეს ახალი სტრუქტურა სათათბირო ორგანო არ იქნება, არამედ - აღმასრულებელი სტრუქტურა, როგორც სამინისტროებია, ხოლო პოლიციის შეფი უმჯობესია, პოლიციური ფუნქციით იყოს დაკავებული, მიხედოს მართლწესრიგს, საგზაო უსაფრთხოებას და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს გამიჯვნა უკეთესია. მე ვიწონებ, რომ ბუნებრივი და ტექნოგენური კრიზისებით ცალკე სტრუქტურა იქნება დაკავებული. უამრავ ქვეყანაშია მსგავსი სტრუქტურები ცალკე გამოყოფილი.

"რ": სახელმწიფო უსაფრთხოებაზე მომუშავე სათათბირო ორგანო ქვეყანას არ სჭირდება? სამთავრობო ცვლილებებით გადაწყდა, რომ კრიზისების მართვის საბჭო უსაფრთხოებაზე აღარ იმუშავებს.

ა.ს: უსაფრთხოებისთვის სულაც არ არის ცუდი, თუ სახელმწიფოში რამდენიმე სათათბირო ორგანო იქნება. რაც მეტი ალტერნატიული მოსაზრება იქნება, მით უკეთესი. ოღონდ უნდა გავერკვეთ, როდესაც საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ, აღმასრულებელი ხელისუფლების სიმძიმის ცენტრი პრემიერ-მინისტრთან გადადის, უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე სათათბირო ორგანო პრემიერთან უნდა არსებობდეს.

შესაძლოა, პრეზიდენტთანაც არსებობდეს სათათბირო ორგანო, მაგრამ მას დატვირთვა არ აქვს. პრეზიდენტს შეუძლია, თავისი ბიუჯეტის ფარგლებში თავის ადმინისტრაციაში რაიმე ჩამოაყალიბოს, ამას ვერავინ დაუშლის. თუმცა მთავარი აღმასრულებელი ფიგურა პრემიერია, მას ექვემდებარება ყველა სამინისტრო, მათ შორის - უშუალოდ ძალოვანი სტრუქტურები და მთავრობა უშუალოდაა პასუხისმგებელი სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებზე, სახელმწიფოს თავდაცვაზე და ა.შ. და მასთან უნდა არსებობდეს სათათბირო ორგანო. მე მესმის, რომ მთავრობა თვითონაა სათათბირო ორგანო, მაგრამ უნდა იყოს სტრუქტურა, რომელიც თავს მოუყრის ანალიტიკურ პროდუქტებს, მათ შორის, ინფორმაციას საფრთხეებისა თუ სხვადასხვა საკითხის შესახებ, თვალს მიადევნებს ტენდენციებს და ა.შ., რითაც პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო იყო დაკავებული.

"რ": დღევანდელი სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებითა და პლუს კონსტიტუციური ცვლილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, მის ანალიზზე მომუშავე ორგანო ქვეყანაში აღარ გვექნება?

ა.ს: რამდენადაც ვიცი, მთავრობაში გარკვეულ მოდელზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ველი, რომ რაღაც ფორმითა და სახელწოდებით ასეთი სტრუქტურა შეიქმნება. კონსულტაციები 1 თვე გაიწელება თუ 2 თვე, არაფერს არ დაანგრევს. ინფორმაცია მაქვს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და ვნახოთ, რა შედეგამდე მივლენ. იმედი მაქვს, რომ რაიმე სათათბირო ორგანო ან ანალიტიკური სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხებით იქნება დაკავებული, ჩამოყალიბდება. მაქსიმუმ, 2-3 თვეში გავიგებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო აგრძელებენ მუშაობას. სხვათა შორის, პასიურობენ, მეტად აქტიურად უნდა მუშაობდნენ.

"რ": შესაძლოა, პრემიერთან უშიშროების ახალი საბჭო სულ არ ჩამოყალიბდეს?

ა.ს: ჩემი მკაფიო პოზიციაა, რომ პრემიერთან ასეთი სტრუქტურა უნდა არსებობდეს და ამაში ვერავინ ვერ გადამარწმუნებს. ეს აუცილებელია და ვისაც უნდა, სადისკუსიოდ ვიწვევ. ვფიქრობ, რომ აუცილებლად ჩამოყალიბდება სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით უნდა იყოს დაკავებული. მხოლოდ სახელწოდებაში "უშიშროებას" ჩავანაცვლებდი "უსაფრთხოებით", დავარქმევდი ან "ეროვნული უსაფრთხოების" ან "თავდაცვისა და უსაფრთხოების" სათათბიროს. თუმცა სახელწოდებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ფუნქციებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×