დიდი ალბათობაა, რომ მიხეილ სააკაშვილს 22 დეკემბერს, 50 წლის იუბილეს მეორე დღეს, პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ და თან ეს განაჩენი ყველაზე სიმბოლურ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე დადგეს.
უკვე თვეზე მეტია, პროკურატურა აანონსებს, რომ გირგვლიანის მკლელობაზე მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმე დასასრულს უახლოვდება და განაჩენიც მალე დადგება. შესაძლოა, ეს მოხდეს 22 დეკემბერს, როდესაც ჩანიშნულია მორიგი სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას და თუკი რაიმე მიზეზით პროცესი არ გადაიდება, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ არც არაფერია დარჩენილი - მოსამართლე განაჩენის გამოსატანად უნდა გავიდეს და შესაძლოა, იმავე დღეს გამოაცხადოს. სასამართლო პრაქტიკაში უმეტესად ასეა, განაჩენი იმავე დღეს ცხადდება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ექსპრეზიდენს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, როდესაც საქმის მასალებს არ იცნობს, ასე კონკრეტულად თქმა, როგორი განაჩენი დადგება, რთულია, თუმცა ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ პირველი განაჩენი როგორი იქნება, რადგან ეს ერთგვარი პოლიტიკური მნიშვნელობისაა. მისი თქმით, სააკაშვილს ბრალი ედება იმაში, რომ წინასწარი შეთანხმება არსებობდა, გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული 4 ადამიანი მხოლოდ ცოტა ხნით იქნებოდა დაპატიმრებული, შემდეგ კი მათ პრეზიდენტი შეიწყალებდა და სწორედ ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. თუკი ამის მტკიცებულებები არსებობს, განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, თუმცა მოლოდინზე საუბარი მაინც არ სურს.
"გადაწყვეტილება, რომელიც უნდა დადგეს, პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება იქნება. სხვათა შორის, 21 დეკემბერს სააკაშვილი 50 წლის ხდება და ძალიან ცუდი საჩუქარი იქნება, თუ მეორე დღეს მას გამამტყუნებელ განაჩენს მიართმევენ საჩუქრად," - აცხადებს ნიკოლაიშვილი.
"განაჩენის გამოტანა შეიძლება მოხდეს ადგილზე, ან სათათბირო ოთახში და მოსამართლე შეზღუდული არ არის, იმავე დღეს 5 წუთში გამოაცხადებს განაჩენს თუ 5 დღის, ან ერთი თვის შემდეგ. გააჩნია, რა მოცულობისა და სირთულისაა საქმე. განაჩენის გამოცხადების გადადებისას წინა დღით შეატყობინებს მხარეებს, რომ განაჩენს აცხადებს. სავარაუდოდ, იმავე დღეს მოხდება გამოცხადება. 90% შემთხვევაში ცხადდება იმავე დღეს," - ამბობს ნოკოლაიშვილი.
ბოლო სასამართლო სხდომას ყველა მხარე მოუთმენლად ელის. დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გამოსვლა 13 დეკემბრის სასამართლო პროცესზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას და ამის გამო უარს ამბობს შეთანხმებით აყვანილი ადვოკატების მომსახურებაზე. ადვოკატების აცილების გამო გუშინ ექსპრეზიდენტს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ახალმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ საქმის მასალების გასაცნობად სასამართლოს ერთი თვე სთხოვა, თუმცა მოსამართლემ ამისთვის 9-დღიანი ვადა მისცა. მისი განცხადებით, დაცვითი სიტყვის მოსამზადებლად თუკი ერთი კვირა არასაკმარისი აღმოჩნდება, 22 დეკემბერს სხდომაზე კვლავ დააყენებს დამატებითი ვადის მიცემის შუამდგომლობას.
პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დაცვის ტაქტიკა პროცესის გაჭიანურების მიზანს ემსახურება და "პროკურატურა არ აპირებს, დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ტაქტიკის განხორციელებაში." მისი თქმით, "22 მოწმის ჩვენებისა და ორსაათიანი ვიდეომასალის გაცნობას ერთ კვირაზე მეტი არ სჭირდება."
მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი 4 ბრალდებიდან დასასრულისკენ ჯერ მხოლოდ ეს ერთია - გირგვლიანის საქმე, სადაც პროკურატურა ექსპრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავება, რაც 3-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წინასწარ არავინ იცის, დამდგარი განაჩენი გამამტყუნებელი იქნება თუ გამამართლებელი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მოლოდინია, რომ ექსპრეზიდენტს გაამტყუნებენ. "ნაცმოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ პროკურორსა და მოსამართლეს პოლიტიკური დაკვეთა აქვთ მიღებული, სააკაშვილს ახალ წლამდე გამოუტანონ გამამტყუნებელი განაჩენი და ამ საქმით "ანგაჟირებაც" ამას ემსახურება. ამიტომაც გუშინ პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო მოთხოვნით "შეწყდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა".
გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინია "ქართულ ოცნებაშიც". პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები იმდენად საფუძვლიანია, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ადვოკატს გაუჭირდება, სასამართლო რაიმე საწინააღმდეგო პოზიციაში დააჯეროს.
"სააკაშვილმა ადვოკატები იმ საქმეს განარიდა, რომელიც აპრიორში წაგებულია. გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ეს თითქოს პიჯაკებს ეხება, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მის მიმართ სერიოზული ბრალდებებია წაყენებული," - განაცხადა ვოლსკიმ.