თიკო ოსმანოვა
15.12.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმთან ახლოს, ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. გუმისთის ხიდზე უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. მანქანაში მყოფნი - პაველ არძინბა და დიმიტრი ხაგბა - ადგილზე გარდაიცვალნენ.

შეგახსენებთ, რომ პაველ არძინბა, აფხაზეთში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი, აფხაზეთის ე.წ. მესამე პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ეს ფაქტი 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა. მაშინ ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი - თენგიზ ფანდარაია და რემზიკ ცუგბა - დაიღუპა.

2017 წელს პაველ არძინბაზე ყოფილი "პრეზიდენტის", ალექსანდრე ანქვაბის, მკვლელობის მცდელობისა და "დაცვის სახელმწიფო სამსახურის" ორი ოფიცრის მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამავე წლის სექტემბერში ის ე.წ. გენერალურ პროკურატურას ჩაბარდა. არძინბა დაკითხეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-მ მანქანაში ჩაცხრილული მეორე პირის ვინაობაც დაასახელა. ის 1975 წელს დაბადებული დიმიტრი ხაგბაა, რომელიც, სავარაუდოდ, არძინბას მძღოლად მუშაობდა.

ექსპერტი მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ პაველ არძინბასა და დიმიტრი ხაგბას მკვლელობა კრიმინალური გარჩევის შედეგია.

"ეს ფაქტი საქართველოზე არანაირად არ იმოქმედებს. არძინბამ უნიკალური ჯიშის ხეები გაზიდა აფხაზეთიდან. თვითონ ფაქტი უცნაურია, მას ეძებდა აფხაზეთის პროკურატურა და თავად ჩაბარდა, როგორ აღმოჩნდა გარეთ, თავისუფალი და, საერთოდ, რა მოხდა შემდეგ, ცოტა რთული გასაგებია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის კრიმინალური გარჩევის შედეგი," - განაცხადა არეშიძემ.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრ ლევან კიკნაძის თქმით კი, უამრავი ვერსია შეიძლება განვიხილოთ, მათ შორის ერთ-ერთი აუცილებლად იქნება მკვლელობის გადაბრალება ანქვაბზე.

"ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლება ეს ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევა იყო, თუმცა არ არის გამორიცხული, ანქვაბისთვის გადაბრალება სურდეთ და იმიტომ მოკლეს. უამრავ ვერსიაზე შეიძლება საუბარი, თუმცა ვფიქრობ, არ ღირს აჟიოტაჟის ატეხვა," - უთხრა ლევან კიკნაძემ "რეზონანსს".

შეგახსენებთ, რომ არძინბა 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომის აქტიური მონაწილე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×