"პრემიერი აბსოლუტურად არაადეკვატურად იქცევა და თუ გადადგება, მგონი, კარგსაც იზამს. ქვეყანას ასეთი ლიდერები არაფერში სჭირდება," - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კვირიკაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომ თუ გია გაჩეჩილაძის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები დამტკიცდება, ის გადადგება.
პოლიტოლოგი ინტერვიუში 2018 წლის ბიუჯეტზე, კონსტიტუციის ახალ პროექტში შესატან ცვლილებებსა და 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილის მიზეზებზეც საუბრობს.
"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით გია გაჩეჩილაძის ბრალდებებზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ თუკი ბრალდება დამტკიცდება, ის მზად არის, თანამდებობა დატოვოს?
გია ხუხაშვილი: თუკი ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს რომელიმე ინსტიტუტმა მისი უფლებები დაარღვია, მან უნდა იდავოს და, აქედან გამომდინარე, ის სწორად იქცევა. პირიქით, ეს კარგიცაა, რადგან რაც უფრო მეტი ბიზნესმენი მიმართავს სახელმწიფოს მსგავსი სარჩელით, უკეთესი იქნება და სიტუაციას გააჯანსაღებს.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, სრულიად გაუგებარია. რას გვაშინებს და რატომ გვაყვედრის თავს? თუ გადადგომა უნდა, გადადგეს! ამით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, საპნის ბუშტივით ერთ კვირაში აღარავის ემახსოვრება კვირიკაშვილი.
გასაგებია, რომ პოლიტიკის არაფერი ესმოდა, ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ არც ბიზნესთან ურთიერთობაში, სახელმწიფო პოლიტიკასა და ეკონომიკის სწორ სტრატეგიაში არ გაეგება ბევრი არაფერი. ერთი საშუალო ჰორიზონტის ადამიანია და ვერ სწვდება იმ სიმაღლეებს, სადაც შემთხვევით აღმოჩნდა. ეს მისთვის დიდი ტვირთია და თუ გადადგება, თვითონაც დაისვენებს.
რა შუაში იყო მისი განცხადება, ვერ გავიგე. ადამიანს აქვს ბიზნეს დავა და ამ დროს პრემიერი ამბობს, რომ ის გადადგება. როცა სახელმწიფოებრივად მართლა მნიშვნელოვანი თემები იყო, ტერაქტები და ათასი ამბავი, ყველგან დაიმალა, ხმა არ ამოუღია, ამ ბოლო დროს კი ერთი გაჩეჩილაძის ამბავზე შეწუხდა და მეორე შოთა შალელაშვილის განცხადებაზე. პრემიერი აბსოლუტურად არაადეკვატურად იქცევა და თუ გადადგება, მგონი, კარგსაც იზამს. ქვეყანას ასეთი ლიდერები არაფერში სჭირდება.
"რ": როგორ შეაფასებდით 2018 წლის ბიუჯეტს, რამდენად სწორად არის ის შედგენილი?
გ.ხ: არსებულ ვითარებაში ეს ბიუჯეტი იმ რეალობიდან გამომდინარე გვაქვს, რომელშიც ვართ. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. შესაძლოა, გარკვეული შენიშვნები მქონდეს, მაგრამ, საერთო ჯამში, ნორმალური ბიუჯეტია. იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობაში ძალის წესები შეიცვალა, არ მინდა, წინასწარ ძალზე კრიტიკული ან ლმობიერი ვიყო. არის შანსი, რომ ამ რეფორმირების კვალდაკვალ მეტ-ნაკლებად ეფექტური ხელისუფლება მივიღოთ.
"რ": უმრავლესობა აცხადებს, რომ მან შეიმუშავა კონსტიტუცია, რომელიც ყოველნაირად გამართულია და, პრაქტიკულად, ნაკლი არ აქვს. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს?
გ.ხ: ახლად მიღებულ კონსტიტუციაში თვითონვე აქვთ ცვლილებების შეტანის სურვილი და იმაზე ლაპარაკი, რომ მას ნაკლი არ აქვს, უგნურებაა. რაც შეეხება სისტემურ ხარვეზს, ეს ეხება არა უშუალოდ ტექსტს, არამედ თარიღებს, როდის შედის ესა თუ ის ცვლილება ძალაში. კონსტიტუციას აქვს პრინციპული ხარვეზები, რომლებიც ხელისუფლებას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.
მთავარი პრეტენზია, რომელიც შესაძლოა მათ წინააღმდეგ იყოს, არის ის, რომ, ერთი მხრივ, მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა, ამასთანავე, ამბობენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ძალზე გაუტკბათ და ამ სისტემით არჩევნებს 2024 წელს ჩაატარებენ. მათ არ აქვთ არგუმენტი, თუ რატომ უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები ოთხი წლის შემდგომ და სწორედ ამაში იგრძნობა ძალაუფლებით მათი ტკბობა, რასაც ეს საზოგადოება ასე თუ ისე არავის პატიობს.
"რ": გვინდა, გკითხოთ 22 ნოემბრის სპეცოპერაციაზეც. ხელისუფლებას არავითარი ინფორმაცია არ მიუწოდებია საზოგადოებისთვის გარდა თავდაპირველი განცხადებისა, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევია. რას უკავშირებთ ამ დუმილს?
გ.ხ: როგორც ჩანს, არის რაღაც ისეთი, რისი თქმაც ხელისუფლებას არ უნდა. მას გაუმართლა იმ მხრივ, რომ ბოლო დროს ბევრი თემა გამოიძებნა, რომელმაც ეს საკითხი გადაფარა. საზოგადოებას დაავიწყა ის კითხვები, რაც ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს. მე არ მინდა საკითხის დრამატიზება, მაგრამ ვფიქრობ, ხელისუფლებას თვითონ აქვს პრობლემა. მეჩვენება, რომ ხელისუფლების შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულში ირიბად თანამონაწილეობდნენ. არადა, მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ გამოავლინონ ასეთი ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ამ ჯგუფს, თუნდაც ისინი თავისი წიაღიდან იყვნენ.
მნიშვნელოვანია ისიც, რა იქნება ხვალ და ზეგ, რადგან ეს ტერაქტი არის ნიშანი იმ ნეგატიური პროცესისა, რაც შეიძლება საქართველოში დაიწყოს. იმის გათვალისწინებით, რომ სირიაში დასრულდა ტერორისტებთან ბრძოლის საომარი ეტაპი, ბუნებრივია, რამდენიმე ათასი ადამიანი ცდილობს, დაბრუნდეს სამშობლოში, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში. პირდაპირ რუსეთში ეს ადამიანები ვერ გადავლენ, ვინაიდან მათზე სრულ ინფორმაციას ფლობს მოსკოვი. ამიტომ ისინი ეცდებიან, გარკვეული დერეფნები გაიკეთონ და, სამწუხაროდ, ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება საქართველო იყოს.
ჩვენთვის ეს სიტუაციის ყველაზე სახიფათო განვითარებაა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება რუსეთის მხრიდან კვლავ აღმოვჩნდეთ სერიოზული აგრესიის ობიექტი და ამის პრევენციისთვის ჩვენს სპეცსამსახურებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ, ამისთვის შესაძლებელია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაც, რათა მათ სირიაში გასული ტერორისტების ბაზა მოგვცენ.
ჩატაევის იდენტიფიცირება შედარებით მარტივი იყო, იმ რამდენიმე ათასი ტერორისტის ვინაობა კი, რომლებიც სირიიდან წამოსვლას მოინდომებენ, ჩვენ არ ვიცით. შესაბამისად, ისინი ისე შეიძლება აღმოჩნდნენ საქართველოში, რომ ვერც გავიგოთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვთხოვოთ რუსეთს, მოგვაწოდოს ეს ბაზა, რათა, ერთი მხრივ, ჩვენი საზღვარი დავიცვათ და, მეორე მხრივ, რუსეთსაც არ მივცეთ პრეტენზიების გამოთქმის საშუალება, რომ ჩვენ ტერორისტებს ვიფარებთ.