რეზონანსი
15.12.2017

 (რეზონანსი) დღეს დედაქალაქი ისეთ მდგომარეობაშია, საქმე ყველას ეყოფა. ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრიდან უნდა შედიოდეთ, თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ, - ასე მიმართა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას თბილისის მერმა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ოპოზიციას აქვს სურვილი თბილისის განვითარების, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი უნდა დაუჭიროს.

„ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილების და არც პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. მართლაც გვაქვს ამბიცია, რომ თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე გამჯდარი დაშორიშორების, მიკერძოებისა და გახლეჩილობის მახინჯი პოლიტიკური ტენდენციები ძირფესვიანად აღმოიფხვრას.

„მე მჭირდება ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მუშაობისას და ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას. მოგმართავთ აქ წარმოდგენილ ოპოზიციას - ნურც თქვენ დაუდგებით ზურგით რეალობას, იფიქრეთ არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე თქვენივე მომხრეების თვალში, არამედ თბილისის სასიკეთო საქმეებზე, სადაც პირველ რიგში ადამიანები, მოქალაქეები ცხოვრობენ. თუ მართლა გაღელვებთ თბილისის ბედი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კი არ უნდა გწყინდეთ და გაბრაზებდეთ, არამედ ამ ჩანაფიქრის რეალიზებასა და მასში მონაწილეობას უნდა ითხოვდეთ.

„არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა? კი ბატონო - საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით - ეგეც წაადგება დედაქალაქს",- განაცხადა თბილისი მერმა.

კალაძის თქმით, ყველა გამოწვევას დაძლევენ.

"და მაინც, ყველა პრობლემის გადაწყვეტა იწყება განწყობიდან. ჩვენ პირველ რიგში უნდა შევძლოთ, ვირწმუნოთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობის; გამოვიმუშაოთ რწმენა, რომ ყველაფერს შევძლებთ, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომ ეს ქალაქი აუცილებლად იქნება - შესაძლებლობით, ენერგიით, თანაგრძნობით, სიკეთით, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე ქალაქი!"- დასძინა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×