დააჯარიმებს თუ არა აუდიტის სამსახური თბილისის მერიას თავისუფლების მოედანზე საარჩევნო სლოგანის - "სიცოცხლით სავსე ქალაქი" განთავსების გამო, ჯერჯერობით უცნობია. საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს იურისტებშიც. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ახლა საარჩევნო პერიოდი არ არის, სლოგანის განთავსება არავითარ გავლენას არ ახდებს მოსახლეობაზე; ნაწილის აზრით კი, ეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაა და "ქართულ ოცნებას", შესაძლოა, აუდიტმა ბიუჯეტში იმ თანხის შეტანა დააკისროს, რასაც სხვა პოლიტიკური პარტია გადაიხდიდა თავისი სლოგანის ქალაქში განთავსებისთვის.
შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხეზე, სლოგანის - "სიცოცხლით სავსე ქალაქი" განთავსების გამო "ნაცონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერიის დაჯარიმების მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, პარტიული სლოგანებით ახალი წლის მილოცვა თბილისელების შეურაცხყოფაა.
"ქართულმა ოცნებამ" და კახა კალაძემ უნდა იცოდნენ, რომ ახალი წელი პარტიული ღონისძიება არ არის, მათ შეუძლიათ, საარჩევნო სლოგანები დაიტანონ პლაკატებსა და ბანერებზე და არა ახალი წელი მოგვილოცონ პარტიული სლოგანებით", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობა" სლოგანის დემონტაჟის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. შესაბამის სარჩელს პარტია ორშაბათს შეიტანს.
როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ნინო სუხიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, საარჩევნო სლოგანის განთავსება საახალწლო ნაძვის ხეზე თბილისის მერიის მიერ, პირველ რიგში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაა და სახელმწიფო დაწესებულებამ ადმინისტრაციული რესურსები არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური პარტიის მიზნებისთვის.
"უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოს ინტერესები და პოლიტიკური პარტიების ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდი არ არის და ამომრჩეველზე ამ კუთხით გავლენას ვერ მოახდენს, ეს არგუმენტი არ შეიძლება იყოს ერთადერთი იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სლოგანი "ქართულ ოცნებასთან", კონკრეტულად კახი კალაძესთან ასოცირდება და ეს არ არის, ზოგადად, თბილისის მერიის სლოგანი და საჯარო კამპანია.
"გარდა ამისა, საარჩევნო სფეროში საერთაშორისო დოკუმენტები, მაგალითად, კოპენჰაგენის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს და განსაზღვრავს სახელმწიფოსთვის სავალდებულოდ შესასრულებელ წესებს, ავალდებულებს მასაც, რომ პოლიტიკური და სახელმწიფო ინტერესები ერთმანეთისგან გაიმიჯნოს", - განაცხადა იურისტმა და აღნიშნა, რომ მოუწევს თუ არა "ქართულ ოცნებას" გარკვეული თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს აუდიტის სამსახურის შესასწავლი და გადასაწყვეტი იქნება.
"არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს შეიძლება იყოს უკანონო ფინანსური შემოწირულობაც, თუმცა საკითხი აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს და ნახოს, არის თუ არა საჭირო, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში ის თანხა, რომელიც სხვა პოლიტიკურ პარტიას სლოგანის განსათავსებლად შეიძლება გადაეხადა. აუდიტის სამსახურის გარდა, საკითხზე მსჯელობა საკრებულოსაც შეუძლია, რომ მან გადაწყვიტოს, რამდენად სწორად განკარგა თბილისის მერიამ ადმინისტრაციული რესურსები", - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
განსხვავებულია იურისტ ლევან ალაფიშვილის მოსაზრება. მისი აზრით, სლოგანის განთავსებით არც ერთი კანონი არ დარღვეულა და, შესაბამისად, ეს ქმედება არც კანონდარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.
"ჩვენ, ახლა არც საარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და არც ისეთ სამართლებრივ რეჟიმში, რომელიც რაიმე სახის რეგულაციას ითვალისწინებს. შესაბამისად, ეს არ არის რაიმე სახის კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა. კანონმდებლობის ჩამონათვალში, რეგლამენტში შეიძლება შევიტანოთ რეკლამა, სახელმწიფო ენა და საარჩევნო კოდექსი. ამ შემთხვევაში არც ერთი მიმართულებით არ არის პირდაპირი დარღვევა. შესაბამისად, ამ ქმედებას კანონდარღვევა არ ეწოდება", - გვითხრა ალაფიშვილმა.