გვანცა ღვედაშვილი
16.12.2017

 "გგონიათ, ამერიკელები, ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ფულს ისე გვირიგებდნენ, არ უყურებდნენ, რაში იხარჯებოდა?! ომის შემდგომ რომ 5 მილიარდამდე გვაჩუქეს, უკანასკნელ ცენტამდე აქვთ დათვლილი, რაში დაიხარჯა ეს თანხა. ისინი ხედავენ, რომ ამ ფულით ვიღაცები გამდიდრდნენ და ხალხს არაფერი მიუღია", - აღნიშნავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს 2018 წლის თავდაცის ბიუჯეტიდან საქართველოს დასახმარებლად თანხა სრულებით არ გამოუყვია, უკრაინას კი 350 მილიონით დაეხმარება.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით გია გაჩეჩილაძის ბრალდებებსა და პრემიერის განცხადებას?

სოსო ცინცაძე: მთელ ამ ისტორიას პრემიერის მხრიდან სოლიდურობა აკლია. კვირიკაშვილი დღეს ქვეყნის პირველი პირია. გაჩეჩილაძე ამ საკითხში ასპროცენტიანიც რომ იყოს, გამოდის, ვისაც პრემიერამდე შეუძლია ამბის მიტანა, მხოლოდ მისთვის არის სამართლიანობა, ხოლო ვინც ამას ვერ შეძლებს, მისთვის არ არის.

ამ ისტორიამ გაჭრა ფურუნკული. კიდევ ერთხელ ირკვევა ის ფაქტი, რომ ჩვენთან არ მუშაობს სასამართლო, პროკურატურა და საგამოძიები ინსტიტუტები. როგორც ტიპურ კორუმპირებულ აღმოსავლურ ქვეყანაში, ჩვენთანაც პირადი ურთიერთობა მუშაობს. ე.ი. ვინც იცნობს პრემიერს, მინისტრებს და ა.შ., მათთვის არის ყველაფერი, სხვა დანარჩენებისთვის - არა.

გაჩეჩილაძე ვერც ხვდება, რისი ილუსტრირება მოახდინა, როდესაც ჟურნალისტებთან აღშფოთებული ამბობდა, რომ პრემიერი მისი ძმაკაცია და რა არის ამაში გასაკვირიო. ჩვენთან არა, მაგრამ ცივილიზებული სამყაროსთვის გასაკვირია ასეთი ქმედება, რომ უშუალოდ პრემიერს მიმართო მსგავს საკითხებზე.

ამ პატარა სკანდალის მიღმა ჩვენი ქვეყნის უდიდესი ტრაგედია იკვეთება და რაც უფრო ვუღრმავდები ამ საკითხს, მით უფრო ვხედავ, რომ ჩვენთან ზნეობრივი, მორალური და სამართლებრივი ჰიგიენის პრობლემა ყარს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თუმცა ამით არაფერი შეიცვლება. გავა ორიოდე კვირა და ამ საკითხს ყველა დაივიწყებს. გადავერთვებით იმაზე, თუ როგორი საახალწლო განათება გვაქვს, რამდენი დაიხარჯა მის მოსაწყობად, შემდგომ განათებაზე და ა.შ.

"რ": საახალწლო განათება ახსენეთ და როგორ აფასებთ საახალწლო ნაძვის ხესთან კალაძის საარჩევნო სლოგანის გაკეთებას?

ს.ც.: სიმართლე გითხრათ, სრულად მისაღები არ არის, მაგრამ ამაზე გაცილებით დიდი პრობლემების წინაშე ვართ. მე რომ მკითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელია, გაიმართება კონცერტები, თბილისი სამი მილიონის ნათურებით განათდება და ა.შ. და რომ ამ განათების ფული შემდგომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ, ამაში თანხის დახარჯვას მერჩივნა, მთელი ეს თანხა მშიერ ბავშვებს მოხმარებოდა. მე შეიძლება ზედმეტად დონკიხოტი ვარ, მაგრამ ჩემთვის ეს გაცილებით მისაღები იქნებოდა. ჩემთვის ასეთი ბავშვების არსებობა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ის, საახალწლო ნაძვის ხეზე კალაძის სლოგანი იქნება თუ არა.

"რ": როგორც აღმოჩნდა, 2018 წელს საქართველო აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტიდან დახმარებას ვერ მიიღებს. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ამერიკის მიერ საქართველოს გამოტოვება?

ს.ც.: ზოგადად, ამერიკამ ყველას შეუმცირა დაფინანსება. ეს პროცესი ობამას მიერ ბოლოს გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაიწყო. იცით, რატომ? ამერიკა არ არის ქველმოქმედი.

"რ": თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინას 350 მილიონი გამოუყვეს, გარკვეული მიზეზები ალბათ არსებობდა, რის გამოც საქართველო საერთოდ გამოტოვეს.

ს.ც.: დიახ, უკრაინას გამოუყვეს, რადგან მას ნამდვილად ემუქრება ანექსიის საფრთხე. საქართველოს იმ ტერიტორიას, რომელიც დარჩენილია, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასე მიიჩნევენ ამერიკელები და, სიმართლე გითხრათ, მეც ასე მიმაჩნია. რაც არის დღეს - დე ფაქტო საქართველო - ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუ ჩვენი ხელისუფლება ჭკვიანად იქნება. თუმცა საქართველოს ემუქრება ის, რომ ბათუმი გახდა თურქული, თბილისში აღმაშენებლის ხეივანი, ე.წ. პლეხანოვი, გახდა სპარსული, არაბული, ირანული - აი, ეს ემუქრება.

გარდა ამისა, ამერიკელები, ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ფულს ისე გვირიგებდნენ და არ უყურებდნენ, რაში იხარჯებოდა?! ომის შემდგომ რომ 5 მილიარდამდე გვაჩუქეს, უკანასკნელ ცენტამდე აქვთ დათვლილი, რაში დაიხარჯა ეს თანხა. ე.ი. ისინი ხედავენ, რომ ამ ფულით ვიღაცები გამდიდრდნენ და ხალხს არაფერი მიუღია.

უკრაინა ომშია, თუმცა მასაც შეუმცირეს და კიდევ შეუმცირებენ დაფინანსებას. კი, აგრესიის საფრთხის ქვეშ არის, მაგრამ კორუფცია ყვავის და ნახევარზე მეტი ალბათ პოროშენკოსა და სხვა ოლიგარქების ჯიბეში ჩავა.

ჩვენთანაც არის კორუფცია. ნეპოტიზმში ხომ ალბათ მალე გინესის წიგნში მოვხვდებით. დღეს კი ის, რაც ყველამ იცოდა და არ ამბობდა, ითქვა. თუმცა ეს არაფერს შეცვლის. კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის მზად პრემიერობისთვის. ამასთან, ვითომ შემთხვევით იყო თვითონ "უცნობის" განცხადებაც - შეიძლება წასვლა უნდა პრემიერს და ამას საბაბად იყენებსო. შეიძლება მართლაც ასეა და ყელში ამოუვიდა მის მიმართ ღრენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×