ცხინვალის რეჟიმის კვალდაკვალ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც აანონსებს, რომ ენგურის ხიდიდან მათ "რესპუბლიკაში" შეტანილ ნებისმიერ პროდუქტზე გადასახადი დაწესდეს და ამისთვის ე.წ. საბაჟო პუნქტი უნდა გაიხსნას.
თანაც, აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელ ბესლან წვინარიას თქმით, აუცილებელია, განისაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის შემოტანაც საერთოდ უნდა აიკრძალოს ზუგდიდიდან. როგორც მან განმარტა, დღესდღეობით აკრძალულია ციტრუსის, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეტანა და აცხადებს, რომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ეს სიაც და გადასახადის აკრეფაც.
"ექსპერტთა კლუბის" წევრის, კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის შეფასებით, აფხაზები და ოსები პოზიციონირებენ იმით, რომ მათ "დამოუკიდებელი სახელმწიფო" აქვთ და ამიტომაც სახელმწიფოს ყველა ატრიბუტიკა უნდა ჰქონდეთ. ეს მათი "დამოუკიდებლობანა" კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს ცხოვრებას ურთულებს და უძვირებს, რადგან თუკი დღეს ენგურზე გადასატან ტვირთზე ქრთამს სთხოვენ, ამ ქრთამს ე.წ. ოფიციალური გადასახადიც დაემატება.
დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საბაჟო მომავალ წელს რომ გაიხსნება, ამის იმედი აქვს ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელ ბესლან წვინარიას.
"თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ენგურის საზღვართან უნდა მუშაობდეს საბაჟო. განსხვავებას ვერ ვხედავ, დასავლეთითაა საზღვარი თუ აღმოსავლეთით. ვფიქრობ, უნდა აღვჭურვოთ საზღვარი საბაჟო მოთხოვნების შესაბამისად... არავინ იცის, რამდენია საქართველოდან შემოსული ტვირთის მოცულობა, არანაირი აღრიცხვა არ ხდება. შესაბამისად, უნდა გაფორმდეს შემოსული ტვირთები", - ამბობს წვინარია და დასძენს, რომ აღნიშნული საკითხი აფხაზეთის "ხელისუფლების" დღის წესრიგში უკვე დგას.
ის ამბობს, რომ ეს საკითხი "დეპუტატებმაც" დააყენეს, თავადაც უკვე მიმართა რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციას წერილით, რომ "საბაჟო პუნქტი" გაიხსნას და არ გამორიცხავს, რომ საკითხი დადებითად მომავალ წელს აუცილებლად გადაწყდეს.
"ამ საკითხში მოწინააღმდეგეებიც გვყავს. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ ეს ტერიტორია არ არის კეთილგანწყობილი აფხაზეთის მიმართ და მათთან გარკვეული ურთიერთობის აწყობა მიზანშეწონილი არ არის. საქართველო საზღვარს ადმინისტრაციულად მიიჩნევს, ჩვენ კი - სახელმწიფო საზღვრად და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო საზღვრის ყველა ატრიბუტით უნდა აღიჭურვოს", - ამბობს წვინარია.
მისივე თქმით, ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ "აღმოსავლეთ საზღვარზე" მინერალური წყლის - "ბორჯომის" დიდი პარტიის კონტრაბანდა აღმოაჩინეს.
სწორედ თვენახევრის წინ, ნოემბრის დასაწყისში, მსგავსი ინიციატივით გამოვიდა ცხინვალის ხელისუფლების ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი მურატ ცხოვრებოვიც, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და წლის ბოლოსთვის ახალგორის გამშვებ პუნქტზე ე.წ. საბაჟო იხსნება, რათა "რესპუბლიკაში" თბილისიდან შეტანილი საქონლის მოცულობა და ხარისხი გააკონტროლონ.
მისი თქმით, "საბაჟოს" გახსნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათი მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ე.წ. რესპუბლიკაში თბილისიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთი შედის, წლებია, ამ ტვირთს არანაირი გადასახადი არ ემატებოდა და ახლა უკვე "ხელისუფლებაში" "საბაჟოს" გახსნაზე გადაწყვეტილება მიღებულია.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს არც ახალგორთან და არც ენგურის ხიდთან არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე არანაირი ე.წ. საბაჟო პუნქტი არ არსებობს და, წესით, არც საბაჟო გადასახადი უნდა იყოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები აცხადებენ, რომ ყველას, ვისაც 30 კგ-ზე მეტი საქონელი გადააქვს, ე.წ. საზღვარზე ფულს მაინც ახდევინებენ და ყველა პროდუქტს თავისი ფასი ადევს, ახლა კი მოლოდინი აქვთ, რომ ორმაგად მოუწევთ გადახდა.
ახალგორელებმა "რეზონანსთან" თქვეს, რომ ახალგორში, ასევე ცხინვალსა და ვლადიკავკაზშიც კი თბილისიდან შედის, მწვანილიდან დაწყებული, ხილითა და ბოსტნეულით დამთავრებული, ყველანაირი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი და დანარჩენ საქართველოსთან შედარებით ფასი ისედაც მაღალია, რადგან ე.წ. საზღვარზე პროდუქტების შეტანის სანაცვლოდ ე.წ. შავ ფულს, ქრთამს ითხოვენ, ახლა კი ამ შავ ფულს "ოფიციალური" გადასახადიც თუ დაემატება, კიდევ უფრო გაძვირდება პროდუქტი, რაც მათ ისედაც მძიმე ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს.
"რეზონანსთან" საუბარში იმავეს ამბობენ გალელებიც, რომ ენგურის ხიდზე დგანან აფხაზები და თუკი ვინმეს დიდი რაოდენობის ტვირთის გადატანა უნდა, ქრთამს ახდევინებენ. მაგალითად, გალიდან ზუგდიდში დიდი რაოდენობის თხილის გადატანისას 1 კგ თხილზე 50 თეთრს ითხოვენ. ასევეა ზუგდიდიდან გალში შესატან საქონელზეც, ყველა პროდუქტს თავისი ფასი ადევს.
კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, დიდი ხანია, ეს სურვილი აქვთ აფხაზეთში, თუმცა წინააღმდეგობა იყო იმის გამო, რომ საქართველო არ გვაღიარებს და ამიტომაც არც "საბაჟო" და არც "სასაზღვრო პუნქტი" არ უნდა იყოს და გალელებს საერთოდაც უნდა აეკრძალოთ დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობაო. თანაც, ბაღაფში და ანქვაბი მაინც უფრო ლოიალურები იყვნენ გალელების მიმართ და ასეთი "საბაჟოს" გახსნა, რომელიც უფრო გაართულებს ქართველების მიმოსვლას, არ განიხილებოდა. ხაჯიმბა კი რაც ხელისუფლებაშია, მუდმივად ცდილობს, გალელებს პრობლემები შეუქმნას.
"რა თქმა უნდა, გალელები უფრო შეიზღუდებიან, უფრო მეტი ექნებათ გადასახდელი. იმის გარდა, რასაც შავ ფულად იხდიან, ახლა ოფიციალურადაც ექნებათ გადასახდელი და პროდუქციის შეტანა გაძვირდება," - დასძენს ცქიტიშვილი.