იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა ელვა დეპეშას შეადარეს
თიკო ოსმანოვა
16.12.2017

 ახალ კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რაც ამჯერად მმართველ გუნდში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. საქმე ეხება საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საკითხს. ცვლილების ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა. თანაგუნდელების ნაწილმა წულუკიანის უწყებას კანონპროექტი დაუწუნა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მას მხარი დაუჭირა.

საუბარია კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეს უფლება აქვს, "კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას, ან სხვა პირის კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებას".

ამ ჩანაწერთან დაკავშირებით პრეტენზია გაუჩნდა იუსტიციის სამინისტროს, ამიტომ პარლამენტს თავისი ინიციატივა შესთავაზა, რომლის თანახმადაც, ეს ნაწილი ასე უნდა ჩამოყალიბდეს:

"ყველას აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის შეიცავს კომერციულ, პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად".

გუშინ კი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხმაური ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა. იგი ინფორმაციის შეზღუდვის ინიციატივას დაეთანხმა, თუმცა დააკონკრეტა, რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინფორმაციის გაცემა.

პარლამენტის თავმჯდომარეს არ ეთანხმებიან მისივე მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე. დეპუტატები საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შეზღუდვას ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგებიან.

ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა არ უნდა აისახოს, რადგან სახალხო განხილვაზე მსგავს წინადადებაზე არ უმსჯელიათ.

"ჩემი თხოვნა იქნება, რომ ასეთ სტადიაზე ცვლილებები კონსტიტუციაში არ შევიდეს. სხვა ქვეყნებს უნდა ვაძლევდეთ სტანდარტს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძეც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივის განხილვა დაჩქარებული წესით არ უნდა მოხდეს.

"უფრო მეტად დაფიქრება მჭირდება, ვიდრე ამ კონკრეტულ მუხლს ხმას მივცემ. ერთი წლის განმავლობაში ამაზე მსჯელობა არ ყოფილა და როცა საკითხი ამხელა მნიშვნელობაში აგვყავს, მეტი შესაძლებლობა გვჭირდება, გავიაზროთ, ამ ყველაფერს რა მოჰყვება.

"რამ განაპირობა იუსტიციის სამინისტროსგან ამის ინიცირება? უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო მეტი განხილვა და უფრო მეტი დრო მჭირდება, რომ დავრწმუნდე, ეს სწორია თუ არა. ერთსაათიანი განხილვა საკმარისი არ არის.

"ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარეშე ჩავატაროთ კენჭისყრა, რადგან ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ცვლილებების წინააღმდეგ ხმის მიცემა არ მინდა. კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ არის ჩანაწერი იმის თაობაზე, სახელმწიფო საიდუმლოება რას ნიშნავს და წარმოდგენილ ფორმულირებაში უფრო მეტი ბუნდოვანების გამოწვევის რისკს უფრო ვხედავ, ვიდრე ამ მონაცემების დაცვას. სახელმწიფო საიდუმლოების ქვეშ სამართალწარმოება და ოპერატიული მონაცემები ისედაც ექცევა და ეს ცვლილება კონსტიტუციას რა ახალს სძენს, გარდა იმისა, რომ კონსტიტუციაში უფრო მეტი ბუნდოვანება არ გააჩინოს?

"კონსტიტუციას მთელი წელი ვიხილავთ და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ გადაწყვეტილება ათ წუთში მივიღო, რთულია. ალბათ კომფორტული არავისთვის არ არის", - განაცხადა გოგუაძემ.

"რამდენად მართებულად მიგაჩნიათ საკონსტიტუციო პროექტისთვის ამ ცვლილების მეორე მოსმენით ელვა დეპეშასავით დაწევა და რამდენად მიუთითებს ეს მაღალ პროფესიონალიზმზე?" - ამ შეკითხვით კი უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართა.

როგორც მან განაცხადა, ფორმა და ფორმატი, რომლითაც მე-18 მუხლის კორექტირება მოხდა, საკმაოდ უხერხულია.

"დიდი ხანია, ჩვენ ცვლილებები გვქონდა დაანონსებული. მოხდა მისი ინიცირება. შემდეგ იყო განხილვა. საკმაოდ დიდი დრო იყო იმისთვის, რომ ვისაც რაიმე შენიშვნა ჰქონდა, აზრი გამოეხატა.

"ისიც კარგად ვიცი, რომ, ბუნებრივია, კონსტიტუცია პოემა არ არის, რომ წერტილი დაუსვა. შეიძლება ყველას ჰქონდეს გარკვეული სურვილები მისი უფრო დახვეწის მიზნით. მოგმართავთ თქვენ, როგორც ძალიან კარგ კონსტიტუციონალისტს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს: რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ასე ელვა დეპეშასავით ამ ცვლილების მეორე მოსმენით დაწევა და ეს რამდენად მიუთითებს მაღალ პროფესიონალიზმზე? თუ თქვენ იცოდით ეს ამბავი, მაშინ ჩვენ განხილვაზე არ გვქონდა საუბარი და თუ არ იცოდით, რატომ მოხდა ეს?", - იკითხა ქანთარიამ.

კობახიძემ ქანთარიას პასუხად აღნიშნა, რომ მასაც აქვს კრიტიკული შენიშვნა, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული წინადადება პარლამენტში გვიან შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მუხლი შინაარსობრივად იცვლება, ხოლო სტანდარტი იზრდება.

მის აზრს იზიარებს უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი დავით მათიკაშვილი.

"იუსტიციის სამინისტროს რა შემოთავაზებაც ჰქონდა, პარლამენტმა ეს ფორმულირება არ გაიზიარა და ძალიან სენსიტიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც მისაღებია ყველა მხარისთვის. აქ არის ინფორმაციის გასაჯაროების წესი და ინფორმაციის საიდუმლოდ გახდომის წესი. ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ყველაფერი განსაზღვრული უნდა იყოს კანონით, რაც არის დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული სტანდარტი. ანუ, კანონმა თვითონ უნდა გაითვალისწინოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მათიკაშვილი.

მისივე თქმით, ეს საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს.

"აქ არის ზუსტი დაკონკრეტება იმისა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაცია საჯაროდ ან არ ჩაითვალოს. კონკრეტული ჩანაწერი იძლევა მეტ სამართლებრივ სივრცეს, რომ არ მოხდეს ერთგვარი ინტერპრეტაცია და ვინმე ჩინოვნიკმა თავისი შეხედულებით არ განსაზღვროს, რა არის საიდუმლო და რა - არა. ეს ჩანაწერი ქმნის გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს, რაც არის ევროპული სტანდარტი", - გვითხრა მათიკაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას არ იზიარებენ საკონსტიტუციო კომისიის წევრებიც, რომლებმაც გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაუარესებას ითვალისწინებს.

"საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასაწყისშივე შეთანხმდა, რომ არც ერთი უფლების კონსტიტუციური დაცვის სტანდარტი არ გაუარესდებოდა. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, კომისიის მუშაობის შედეგად, არათუ შენარჩუნდა, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს საკითხი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელზეც კომისიის წევრებმა კონსენსუსს მიაღწიეს.

"როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კომისიის არც ერთ განხილვაზე ჩვენ არ მოგვისმენია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კონსტიტუციური ჩანაწერების შესახებ. საგულისხმოა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული ინფორმაციის თავისუფლების ჩანაწერების შესახებ არც ერთი შენიშვნა და რეკომენდაცია არ გამოუთქვამს ვენეციის კომისიას", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×