თიკო ოსმანოვა
16.12.2017

 საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მონიტორინგის დაწყებასთან დაკავშირებით შვეიცარიაში ნოემბერში ჩანიშნული შეხვედრა ჯერ არ შემდგარა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი მომავალ კვირას მაინც დაზუსტდება.

"რაღაცეები ირკვევა და მე მგონი იმ კვირაში გაირკვევა. არ ხდება გაჭიანურება. შვეიცარიასთან არის ურთიერთობა, ასევე რუსეთთან. თარიღი ზუსტდება - როდის შევხდეთ და ვინ დაესწრება. ეს სამივეს უნდა აწყობდეს - შეხვედრის ადგილი და დრო. ამიტომ მომავალ კვირას გვეცოდინება", -ამბობს `რეზონანსთან~ საუბრისას აბაშიძე. 

ხოლო კითხვაზე, ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ დასახელებულიყო ზუსტი დრო, თუმცა ქართულ მხარეს ეთქვას უარი ამ თარიღზე, იგი გვპასუხობს, რომ ასეთი შემთხვევა არც საქართველოც და არც რუსეთის მხრიდან არ ყოფილა. 

"სამი მხარე როცაა ჩართული, შეთანხმებას დრო სჭირდება და ახლაც ზუსტად ეს პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა აბაშიძემ. 

ასევე ჯერ კიდევ უცნობია თუ ვინ უხელმძღვანელებს შვეციარაში საქარველოს დელეგაციას. აბაშიძე ამბობს, რომ ეს საკითხი ზუსტდება, თუმცა კონკრეტულად ვისთან, ამაზე არ საუბრობს. მისი თქმით, იგი ამ პროცესში არ მონაწილეობს. 

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ თავისი ვალდებულების შესაბამისად ჯერ კიდევ 2012 წელს შეარჩია შვეიცარიული კერძო კომპანია `ეს-ჯი-ესი", რომელიც საინსპექციო მომსახურებას ეწევა. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მიხედვით, ამის შემდეგ კომპანიასთან კონტრაქტი თბილისმა და მოსკოვმა უნდა დადოს. სწორედ ამ კონტრაქტის დეტალებზე იგეგმება შვეიცარიაში შეხვედრა, მაგრამ კონკრეტულად რა არის გასარკვევი, უცნობია.

მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან კონკრეტულად სად დადგებიან ნეიტრალური დამკვირვებლები და მათი უფლებები ხელშეკრულებაშია გაწერილი.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამბობს, ხელშეკრულებაში საუბარია 3 დერეფნის ამოქმედებაზე. უფრო კონკრეტულად კი, სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან გაჩერდება; მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნართან აიღებს, გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება. მესამე  პუნქტის ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში, ზემო ლარსთან, გეგმავს.

ხელშეკრულების მიხედვით, მონიტორებს მხოლოდ ტვირთის აღირცხვის უფლება ექნებათ.

"ხელშეკრულებაში მონიშნულია ამ კორიდორების თავი და ბოლო, ამის კოორდინატები არსებობს. შვეიცარიელ მონიტორებს მხოლოდ ტვირთის აღრიცხვის უფლება ექნებათ, აღნიშნავენ იმ ტვირთს, რაც შევა და გავა იმ დერეფანში. პატარა ნიუანსებია დარჩენილი. არა მგონია, რუსეთი დროის გაჭიანურებას ცდილობდეს, სუფთა ტექნიკური საკითხებია გასარკვევი და მე მგონი, ამ ორ დღეში ჩაინიშნება ზუსტი დრო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×